სასამართლომ ცხრამუხის დედათა მონასტერში მონაზვნის გაუპატიურებისა და დაყაჩაღების საქმეზე ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლემ რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა.
25 ნოემბერს, ხაშურში, დედათა მონასტერს უცნობი პირები თავს დაესხნენ - ისინი მონასტრის დაყაჩაღებას ცდილობდნენ, რა დროსაც 70 წლის მონაზონზე ფიზიკურად და სექსუალურად იძალადეს. დაკავებულების ადვოკატის ცნობით, ისინი ბრალს არ აღიარებენ.
საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, სამართალდამცავებმა ბრალდებულები 26 ნოემბერს დააკავეს. მათ ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და მე-4 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით (გაუპატიურება, ჩადენილი ჯგუფურად, დაზარალებულის მიმართ განსაკუთრებული სისასტიკით) და 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ყაჩაღობა ჩადენილი ჯგუფურად, ბინაში (საცხოვრებელ კელიაში) უკანონო შეღწევით) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 15-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ცხუმის დედათა მონასტერში მონაზონზე თავდასხმას, რომლის შესახებ საზოგადოებამ 26 ნოემბერს შეიტყო, საპატრიარქო ოფიციალურად გუშინ გამოეხმაურა. განცხადებაში "უმკაცრესი შეფასებისა და რეაგირების" საჭიროებასთან ერთად, საპატრიარქო მედიას ესხმის თავს და ამ კონტექსტში "ამორალურობასა და დაუნდობლობაზე" საუბრობს.