logo
ENG



მონიტორი: ოცნების დეპუტატმა დეკლარაციაში დუბაიში არსებული 2 აპარტამენტი არ მიუთითა

11 ივლ 202313:59
3 წუთის საკითხავი
 
2023/07/11/655kxgrbga65qvp.jpg

პარლამენტში ქართული ოცნების დეპუტატმა, ანტონ ობოლაშვილმა ყოველწლიურ ქონებრივ დეკლარაციაში დუბაიში ძვირადღირებული აპარტამენტები არ მიუთითა. ამის შესახებ სტუდია მონიტორისა და OCCRP-ის გამოძიებაშია საუბარი.

ანტონ ობოლაშვილი პარლამენტის წევრი 2020 წელს გახდა, სადაც ის ფარმაცევტული ბიზნესიდან მოხვდა. კანონით დეპუტატი ვალდებულია, ყოველწლიურ დეკლარაციაში საკუთარი და ოჯახის წევრების ქონება და შემოსავალი დეტალურად აღწეროს.

2021 წელს მისი გაცხადებული ყოველწლიური შემოსავალი $450 000 იყო, რომელიც მოიცავდა მათ შორის შემოსავალს რამდენიმე ბიზნესიდან. მის დეკლარაციაში ნახსენებია ძვირადღირებული საათები და ცოლის მანქანა - Porsche Cayenne. თუმცა სტუდია მონიტორისა და OCCRP-ის გამომძიებელი ჟურნალისტები აღნიშნავენ, რომ ობოლაშვილმა ქონების ნაწილი არ მიუთითა.

დუბაიდან ქონების შესახებ გაჟონილი დოკუმენტებიდან ჩანს, რომ პარლამენტში შესვლის შემდეგ ობოლაშვილმა არაბთა გაერთიანებული საამიროებში არსებული ძვირადღირებული ორი აპარტამენტი დეკლარაციაში არც ერთხელ არ აღწერა. უძრავი ქონების საერთო ღირებულება $1,2 მილიონია. მან ასევე არ მიუთითა ერთ-ერთი სახლის გაქირავებით მიღებული შემოსავალი.

სტუდია მონიტორის კითხვაზე, დუბაიში არადეკლარირებული ქონების შესახებ ობოლაშვილმა ასე უპასუხა:

"არაა მითითებული?.. გავარკვევ და მერე გიპასუხებთ იმიტომ, რომ უნდა იყოს მითითებული".

მოგვიანებით, ელექტრონული ფოსტით ობოლაშვილმა OCCRP-ის განუცხადა, რომ ის ფლობს უძრავ ქონებას, იღებს იქიდან შემოსავალს და ის არასდროს ყოფილა დეკლარირებული. ანტონ ობოლაშვილმა წერილში აღნიშნა, რომ მის დეკლარაციას იურისტების ჯგუფი ავსებს.

"ამ პრობლემის შესახებ სტუდია მონიტორისგან გავიგე, და უნდა ვაღიარო, რომ გაკვირვებული ვიყავი, გამოტოვებული ქონების შესახებ. ამის შემდეგ იურისტებთან კონსულტაცია გავიარე და, რა თქმა უნდა, დეკლარაციაში არ არის მითითებული არც ერთი უძრავი ქონება. ეს ადამიანური შეცდომაა, და ამის უკან არავითარი საეჭვო განზრახვა არ არსებობს".

როგორც გამოძიებაშია აღნიშნული, ობოლაშვილმა ნებაყოფლობით წარადგინა თავისი არადეკლარირებული ქონების ღირებულება, რომელიც შეესაბამება ჟურნალისტების შეფასებებს და პირობა დადო, რომ მიუთითებს მათ მომავალი წლის დეკლარაციაში.

ობოლაშვილის ერთ-ერთი უძრავი ქონება, ორსაძინებლიანი აპარტამენტი, Elite Residence-ის 56-ე სართულზე მდებარეობს და მისი ღირებულება $400 000-ს აღემატება. წლიურად აპარტამენტის გაქირავებით დეპუტატი $20 000-ის ოდენობის შემოსავალს იღებს. აღნიშნული აპარტამენტი დუბაი მარინას რაიონში მდებარეობს და ცნობილ ხელოვნურ კუნძულ პალმ-ჯუმეირას გადაჰყურებს.

აღნიშნულ ხელოვნურ კუნძულზე კიდევ ერთი აპარტამენტია. $760 000-ის ღირებულების ერთსაძინებლიანი აპარტამენტი სასტუმრო Kempinski Hotel & Residences Palm Jumeirah-ს მეორე სართულზე მდებარეობს.

ამასთან, მიუხედავად იმისა, რომ პარლამენტის დეპუტატმა პარიზში არსებული ბინა დეკლარაციაში შეიყვანა, მას არ ჰქონდა მითითებული 2019 წელს 58 000 ევროდ შეძენილი ავტოფარეხი.


close დახურვა