უზენაესის მოსამართლეობის ერთ-ერთი კანდიდატი, ქეთი მესხიშვილი ამბობს, რომ დღეს სასამართლოში მოსამართლეებს დამოუკიდებლობის ბერკეტი აქვთ, რაშიც "უვადოდ გამწესებას" გულისხმობს.
პარლამენტის კომიტეტში, "ოცნების" დეპუტატ გიორგი ამილახვარის კითხვაზე, საფუძველმოკლებულია, თუ არა არასამთავრობოების ბრალდებები სასამართლოში კლანის არსებობაზე, იგი ამბობს, რომ ამაზე არ აქვს "კი", ან "არა" პასუხი. მისი თქმით, იდეურად დაკავშირებული ჯგუფი არსებობს, მაგრამ დამოუკიდებელი მოსამართლისთვის ეს საფრთხე არაა.
"ნებისმიერი დამოუკიდებელი ინსტიტუციისთვის დამახასიათებელია იდეურად დაკავშირებული ჯგუფი, მაგრამ თავის მხრივ ეს ჯგუფი ვერაფერს იზამს თუ მოსამართლე აღჭურვილია ყველა ბერკეტით, რომ იყოს ინდივიდუალურად დამოუკიდებელი.
მოსამართლეები ვართ აღჭურვილი დამოუკიდებლობის ყველა ბერკეტით, ჩვენ შეგვძლია ამ მოცემულობას დავუსვათ წერილი და აღარანაირი შეკითხვა არ დაისვას იდეურად დაკავშირებული ჯგუფის სიძლიერეზე. იდეურად დაკავშირებული ჯგუფი არსებობს, მაგრამ ეს დამოუკიდებელი მოსამართლისთვი საფრთხეს არ წარმოადგენს", - ამბობს მოსამართლე.
6 ივლისიდან პარლამენტში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების მოსმენა დაიწყო.
ქეთი მესხიშვილი ერთ-ერთია იმ 9 მოსამართლეობის კანდიდატიდან, რომელთა დანიშვნის პროცესს ოპოზიცია და არასამთავრო სექტორი ეწინააღმდეგება.
17 ივნისს, იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უზენაეს სასამართლოში უვადოდ დასანიშნად წარდგენილ 9 მოსამართლეს მხარი დაუჭირა - მოსამართლეთა სია დასამტკიცებლად პარლამენტს გადაეგზავნა.
სია შემდეგნაირად გამოიყურება:
- გიორგი გოგიაშვილი
- გოჩა აბუსერიძე
- ლევან თევზაძე
- ქეთევან მესხიშვილი
- გიორგი შავლიაშვილი
- რევაზ ნადარაია
- ბიძინა სტურუა
- ეკა ზარნაძე
- ლაშა ქოჩიაშვილი
ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში, კელი დეგნანი ამბობს, რომ პარლამენტი ვალდებულია, შეაჩეროს უზენაეს სასამართლოში უვადო მოსამართლეთა დანიშვნის პროცესი, როგორც ეს გათვალისწინებულია 19 აპრილის შეთანხმებით.