logo
ENG



მოსამართლე მაია სვიანაძემ, რომელმაც აშშ-ში დარჩენა გადაწყვიტა, იქ მუშაობაც დაიწყო

06 აპრ 202113:05
3 წუთის საკითხავი
 

საქარველოში უვადოდ დანიშნულმა მოსამართლემ, მაია სვიანაძემ, რომელმაც აშშ-ში დარჩენა გადაწყვიტა, იქ მუშაობაც დაიწყო. 

ახალი სამსახურის შესახებ მან ფეისბუქზე თავად დაწერა. ასევე, მიუთითა, რომ უკვე ნიუ იორკში ცხოვრობს. 

უვადო მოსამართლის თანამდებობის დატოვების შესახებ მისი განცხადება იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ გუშინ, 5 აპრილის სხდომაზე დააკმაყოფილა. 

ფორმულა სვიანაძეს ფეისბუქით დაუკავშირდა, თუმცა, კითხვებზე პასუხი ჯერ არ მიგვიღია. 

თუმცა, ყოფილი მოსამართლე უკვე ესაუბრა პალიტრა ნიუსს. მედიის ცნობით, აშშ-ში არალეგალად არ დარჩენილა - იქ საცხოვრებლად შვილთან გადავიდა.  

პალიტრანიუსს სვიანაძემ უთხრა: 

"ამერიკაში არალეგალად არ დავრჩი, იმიტომ, რომ უკვე 16 წელია ჩემი შვილი აქ, ცხოვრობს. ნიუ-იორკის პოლიციის დეპარტამენტში მუშაობს. „ოჯახის გაერთიანება“ მაქვს გაკეთებული და არალეგალურად არ დავრჩენილვარ. შვილთან წავედი საცხოვრებლად. სხვა მიზეზი ნამდვილად არ ყოფილა, უბრალოდ, შვილთან გადავედი საცხოვრებლად, იმიტომ, რომ აქ მყავს ოჯახი, შვილი და ორი შვილიშვილი.

ამ ეტაპზე ასე გადავწყვიტე, რომ საცხოვრებლად აქ წამოვსულიყავი. მოსამართლე ვარ და კარგად ვიცი, ჩვენ ასე არ ვყრით საქმეებს, ყველაფერი მოწესრიგებულია, განცხადება დავწერე და იცოდნენ, რომ მე წასვლას ვაპირებდი. ეს დიდი ხნის გადაწყვეტილი მქონდა, დღეს და გუშინ არ გადამიწყვიტავს". - თქვა მაია სვიანაძემ.  

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ყოფილი წევრი, ანა დოლიძე ამბობს, რომ სვიანაძის გადაწყვეტილება აუცილებლად საჭიროებს დაკვირვებას და გამოკვლევას. 

"როცა ადამიანი მაღალი ხელფასით, უზრუნველყოფილი ცხოვრებით და უვადო სამსახურით, მიდის ამერიკაში და იქიდან ამბობს, რომ გადადგა - ამას სჭირდება შემდგომი დაკვირვება. გამოსაკვლევია ქალბატონი მაიას განცხადება - რამდენად მართალია მისი ახსნა-განმარტება, ხომ არ ჰქონდა მას ისეთი საქმე, სადაც იმალებოდა სერიოზული ფინანსური ან პოლიტიკური ინტერესები". - ამბობს ანა დოლიძე.  

სვიანაძე 2017 წლის მაისიდან დაინიშნა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსამართლედ. 


close დახურვა