logo
ENG



მოსამართლე მოგვისჯის იმას, რაც გადაწყდა გუშინ - აქციაზე დაკავებულების პროცესი იწყება

19 ნოე 201911:52
3 წუთის საკითხავი
 
nmy08a15lt7q4cb.jpg

თბილისის საქალაქო სასამართლოში, გუშინდელ აქციაზე დაკავებულთა სასამართლო ცოტა ხანში დაიწყება. "ფორმულას" კორესპონდენტის ინფორმაციით, პროცესის დაწყება ამ დრომდე სასამართლოში ელექტროენერგიის გათიშვის გამო ვერ მოხერხდა. სასამართლოს მიმდებარე ტერიტორიაზე და სხდომათა დარბაზთან დაკავებულების ახლობლები, მხარდამჭერები და სამოქალაქო აქტივისტები იმყოფებიან. 

როგორც "გირჩის" ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, სასამართლო დაკავებულებს სავარაუდოდ გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლებს. 

„პოლიციელები მოუყვებიან ზღაპრებს, რომ ზურა ჯაფარიძემ ან ზუკა ბერძენიშვილმა როგორ დაიმხეს თავზე ქვეყანა. მიუხედავად იმისა მე რას მოვყვები, მოსამართლე მაინც დაარტყამს ჩაქუჩს და მოგვისჯის იმას, რაც გადაწყდა გუშინ. ამ პროტესტის გაჩერება შეუძლებელია. ეს ხელისუფლება არის დამთავრებული, მთავარია ეს დამთავრება მშვიდობიანად გავაფორმოთ“, - განაცხადა ჯაფარიძემ.

ერთ-ერთი დაკავებულის მამა და პოლიტიკოსი დავით ბერძენიშვილი მიიჩნევს, რომ მოქალაქეების დაკავება არაკანონიერად მოხდა. 

"გავრცელებულია კადრები და ვუყურებთ როგორ მოათრევენ ზუკას და გიგას. გიგას საერთოდ მოათრევდნენ, ფეხებიც კი არ ჰქონდა მიწაზე დადგმული. ეს ადამიანები არიან სამოქალაქო აქტივისტები და კარგად იციან კანონი, მათ საბაბიც კი არ მიუციათ დაკავების. მაგრამ ასე უკანონოდ აკავებენ“, - დავით ბერძენიშვილი.

სასამართლოში ასევე იმყოფება "ნაციონალური მოძრაობის" წევრი ხატია დეკანოიძე იმყოფება, რომელიც დაკავებულებს სოლიდარობას უცხადებს და აღნიშნავს, რომ მიუხედავად შექმნილი ვითარებისა პარლამენტთან აქცია დღეს, 19:00 საათზე განახლდება. 

"მივიღეთ ახალი რეალობა, როდესაც პოლიტიკური პატიმრების რაოდენობა იზრდება. ეს პატიმრები არიან ივანიშვილის პირადი პატიმრები, რომელსაც საერთაშორისო პრესამ უკვე უწოდა „საქართველოს - მინდა პუტინი ვიყო“. შესაბამისად, ჩვენი გეგმები არ იცვლება. დღეს იქნება ოპოზიციური პარტიების შეხვედრა, ხოლო 19:00 ისევ გაგრძელდება აქცია“, - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

რაც შეეხება დაცვის მხარეს, ადვოკატები სასამართლო პროცესზე შუამდგომლობის დაყენებას აპირებენ, რომლის თანახმადაც, ისინი პროცესის გადადებას მოითხოვენ. ადვოკატები აცხადებებ, რომ დაკავებულების ბრალეულობა არც ერთი მტკიცებულებით არ დასტურდება.

 

 

 

 


close დახურვა