ფლანგვის დეტექტორის ინფორმაციით, რამდენიმე გახმაურებული საქმის მოსამართლის, ლევან მურუსიძის ხელფასმა 2012-2019 წლებში 555 ათას ლარს გადააჭარბა.
არასამთავრობო ორგანიზაციის ცნობით, 2005 წელს მოსამართლის თანამდებობაზე დანიშვნის დროს ლევან მურუსიძეს საკუთრება არ გააჩნდა. მის სახელზე არ ფიქსირდებოდა მოძრავი ან უძრავი ნივთი, საბანკო ანგარიშზე კი მხოლოდ 10 ლარი ფიქსირდებოდა, ნაღდი ფულის სახით მხოლოდ 550 ლარი ჰქონდა
"მიმდინარე მდგომარეობით მოსამართლის საკუთრებაშია 4 უძრავი ქონებაა, რომელთა საერთო ღირებულება 105,500 აშშ დოლარია და ერთი ავტომობილი, რომლის შესაძენადაც მოსამართლემ 102,420 ლარი გადაიხადა. 2020 წელს შევსებული დეკლარაციის მიხედვით საბანკო ანგარიშზე მიმდინარე მონაცემებით 13,303 ლარი აქვს განთავსებული.
პირველი უძრავი ქონება, ბინა თბილისში ლევან მურუსიძემ 2009 წელს შეიძინა 40,000 აშშ დოლარად, ამას მოჰყვა ავტოფარეხის შეძენა 5000 აშშ დოლარად 2015 წელს, 2017 წელს მცხეთაში მიწის ნაკვეთის შეძენა 10,500 აშშ დოლარად, 2020 წელს კი მოსამართლემ დაასრულა მცხეთის ნაკვეთზე დაწყებული აგარაკის მშენებლობა. სწორედ 2020 წელი აღმოჩნდა მოსამართლისათვის ყველაზე ნაყოფიერი. ლევან მურუსიძემ დაასრულა 2018 წელს მცხეთაში დაწყებული აგარაკის მშენებლობა, რომლის ღირებულებაც 50,000 აშშ დოლარია და ამასთანავე შეიძინა ავტომობილი მერსედეს-ბენცი, რომელშიც 102,000 ლარი გადაიხადა.
სამოსამართლო საქმიანობის შედეგად ლევან მურუსიძეს 2012-2019 წლებში შრომის ანაზღაურების სახით მიღებული აქვს 555,496 ლარი.
2012 - 78,600 2) 2013 - 89,225 3) 2014 - 89,225 4) 2015 - 99,965 5) 2016 - 80,000 6) 2017 - 80,500 7) 2018 - 67,215 8) 2019 - 70,731
ხოლო რაც შეეხება მოსამართლის სასესხო ვალდებულებებს. 2020 წლის ფინანსური დეკლარაციის მიხედვით, ლევან მურუსიძეს ერთი მიმდინარე სესხი აქვს ბანკ თიბისი-ში. მან 2014 წელს 45,000 აშშ დოლარის ღირებულების სესხი აიღო, რომლის მომსახურებაში 2020 წელს 2,318 აშშ დოლარი გადაიხადა.
თუმცა, საინტერესოა მოსამართლის მეორე სასეხო ვალდებულება. ლევან მურუსიძემ 2018 წელს 50,000 აშშ დოლარი ისესხა ირაკლი კერვალიშვილისგან. უცნობია სესხის პირობები რომლითაც მოსამართლემ მსხვილი თანხა მიიღო კერძო პირისგან, ჩვენთვის მხოლოდ ცნობილია რომ მოსამართლემ ეს თანხა 3 წლის ვადით ისესხა. ასევე, კითხვის ნიშანს ბადებს 2020 წლის დეკლარაციაში იგივე სესხის განმეორებით დეკლარარირება. აღსანიშნავია, რომ მოსამართლემ 2019 წელს ირაკლი კერვალიშვილისგან აღებული სესხი როგორც მიღებული შემოსავალი ისე დაადეკლარირა, თუმცა უკვე 2020 წელს როდესაც წესით მოსამართლეს ეს თანხა ან უნდა დაებრუნება ან სესხის მომსახურება გადაეხადა, მურუსიძემ 50,000 აშშ დოლარი როგორც შემოსავალი ისე მიუთითა. ეს ფაქტი, თავის მხრივ გაურკვევლობას იწვევს და აჩენს ეჭვს ქონებრივი დეკლარაციის შესაძლო დარღვევით შევსებაზე.
შუალედში მურისიძეს მონაწილეობა აქვს მიღებული გადაწყვეტილებაში, რომლის ძალითაც სანდრო გირგვლიანის მკვლელობაში ბრალდებულებს სასჯელები შეუმცირდათ, ამასთან იგი იყო სულხან მოლაშვილისა და სხვა გახმაურებული საქმეების მოსამართლე და გახლავთ ე.წ. “სასამართლოს კლანის” წარმომადგენელი", - ნათქვამია ფლანგვის დეტექტორის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.