18 ნოემბრის აქციაზე დაკავებული პირების ნაწილის აღკვეთ ღონისძიებაზე მოსამართლე გადაწყვეტილებას დღეს საღამოს, ექვს საათზე, გაასაჯაროებს. ნაწილის სასამართლო სხდომა კი ამ წუთებშიც მიმდინარეობს.
"არცერთი მტკიცებულება პირადად ჩემს წინააღმდეგ არ იყო წარდგენილი. მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნეს ჩემმა კოლეგებმა იღებდა იქ ათასობით პოლიციელი, ვერცერთი ვიდეო მტკიცებულება ვერ წარმოადგინეს,"-აცხადებს ერთ-ერთი ბრალდებული.
აქციის მონაწილე დიმა ბიძინაშვილმა კი, პროცესი პროტესტის ნიშნად დატოვა. მისი თქმით, მოსამართლეც და მასზე დაქვემდებარებული ყველა თანამშრომელი ივანიშვილის დირექტივებს ასრულებს.
"მოსამართლევ, მეტ შეურაცხყოფას მე ვეღარ მომაყენებთ და ასევე ის ადამიანებიც, ვინც ახლა აქ სხედხართ და ვის დირექტივასაც ასრულებთ. აქედან შემიძლია მივმართო, რომ აუცილებლად დასრულდება ბიძინა ივანიშვილი და ჩვენ არ შევეგუებით მის ოლიგაქრქიულ მმართველობას. - განაცხადა დიმა ბიძინაშვილმა.
სასამართლო პროცესს ესწრებიან პოლიტიკური სპექტრისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები. მათი თქმით, საქმეში ბევრი საეჭვო გარემოება იკვეთება.
"უცნაურად მიდის საქმეები. უცნაურია, რომ 37-ვე საქმე ერთ ადამიანს დაეწერა. ასევე ფაქტია, რომ მტკიცებულებების ნაკლებობაა და მთლიანი პროცესი აშკარად პოლიტიზირებულია. ამიტომ არ ვარ დარწმუნებული, რომ მოსამართლეს მსგავს პოლიტიზირებულ საქმეში გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღება შეეძლოს,"-აღნიშნავს უფლებადამცველი ბაია პატარაია.