logo
ENG



მოსამართლეთა კონფერენცია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 4 მოსამართლე წევრს ირჩევს

26 მაი 202115:12
3 წუთის საკითხავი
clock 1170

დღეს, 26 მაისს, მოსამართლეთა კონფერენცია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 4 მოსამართლე წევრს ირჩევს. 

მას შემდეგ, რაც უახლოეს რამდენიმე კვირაში საბჭოს მოქმედ 4 წევრს უფლებამოსილების ვადა გაუვა, გაჩნდება 4 ვაკანტური ადგილი. 

კანდიდატიც 4-ია - მოსამართლეთა კონფეერენცია მათ წინასწარ ირჩევს. 

  • ბადრი შონია
  • თემურ გოგოხია
  • ლევან მიქაბერიძე
  • გოჩა აბუსერიძე

ბადრი შონია - 2012 წლის შემდეგ ბადრი შონიას (მცხეთის რაიონული სასამართლოს იმდროინდელი მოსამართლე) ხელისუფლება სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას ედავებოდა. საქმე ისე დაიხურა, რომ მისი დეტალები არ გასაჯაროვებულა. არსებობს ეჭვი, რომ ქართულმა ოცნებამ შონია ამ გზით დაიმორჩილა.

მანამდე, მიხეილ ჩინჩალაძის პროკურორობის დროს ბადრო შონია იკავებდა გამომძიებლის თანამდებობას. 

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლეობის დროს ბადრი შონიამ ,“ბასიანზე” სამი ადამიანის, მათ შორის, ერთი დაცვის თანამშრომლის დაჭრაში ბრალდებული გირაოს საფუძველზე გაათავისუფლა. მან მიიჩნია, რომ თამაზ ქვლივიძისთვის აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობის შეფარდება სავალდებულო არ იყო, "ვინაიდან ის აღიარებდა, ინანიებდა და არ იყო ნასამართლევი". 

ამასთან, ბადრი შონია იყო ჯგუფ „ბირჟა მაფიის” მოსამართლე, რომელმაც ჯგუფის წევრებს წევრებს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.ბადრო შონიამ თქვა, რომ "ბირჟა მაფიას საქმე მძიმე კატეგორიის დანაშაულს მიეკუთვნებოდა და ითვალისწინებდა უვადოდ თავისუფლების აღკვეთასაც". 

თემურ გოგოხია - ნიკა მელიას საქმის მოსამართლე 2019 წლის 20 ივნისის საქმეზე (შეუფარდა გირაო). გოგოხია არ მალავდა პოლიტიკურ შეხედულებებს - 2016 წლის 26 ნოემბრერს მოსამართლე თემურ გოგოხიამ ფეისბუქით პოლიტიკური წარმატება მიულოცა ვანო ზარდიაშვილს. თემურ გოგოხია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ყოფილი მოსამართლე წევრის, რევაზ ნადარაიას (2017-2020) ქვისლია. ნადარაია ამჟამად საპროკურორო საბჭოს წევრია.

გოჩა აბუსერიძემ სასამართლო სისტემის შესახებ სახელმწიფო დეპარტამენტის კრიტიკული ანგარიშის პასუხად თქვა: “აღქმა არის უფრო ცუდი, ვიდრე რეალური სიტუაცია და ალბათ, სწორედ ამან გამოიწვია ამერიკის შეერთებული შტატების შესაბამისი უწყების ანგარიშში ამგვარი შეფასება”.

ლევან მიქაბერიძემ თქვა, რომ მას, "როგორც სისტემის შემადგენელ ნაწილს, არ აქვს იმის აღქმა, რომ სასამართლოში არის კლანური, ჯგუფური მმართველობა". 

2017 წლის 26 ივლისს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიამ, ლევან მიქაბერიძის თავმჯდომარეობით, მიიღო გადაწყვეტილება სს "თბილავიამშენის" წილებისა და სააქციო საზოგადოება "თბილავიამშენის" აქციების სახელმწიფოსთვის ჩუქების საქმეზე. მეწილეები 2010 წელს სახელმწიფოს მხრიდან ზეწოლასა და წილების იძულებით დათმობაზე საუბრობდნენ, თუმცა მათი სარჩელი მიქაბერიძემ არ დააკმაყოფილა. საქართველოს უზენაესმა სასამართლოს დიდმა პალატამ 2017 წლის 2 მარტის გადაწყვეტილებით დაასკვნა, რომ მოსარჩელის მიმართ იძულება, სულ მცირე, 2012 წლის არჩევნებამდე მაინც გრძელდებოდა. საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების მსგავსად, მოცემულ საქმეშიც იკვეთებოდა პოლიტიკური ნიშნები, რაც სასამართლოს შეფასებულ გადაწყვეტილებაში არ გაუთვალისწინებია.

მიქაბერიძე თბილისის საავიაციო ქარხნის საქმის მოსამართლე იყო. თბილისის საავიაციო ქარხნის საქმის მასალები, რომლებიც ათეულობით ტომისგან და 40-საათიანი აუდიო ჩანაწერისგან შედგებოდა, 2 სხდომაში განიხილა და გადაწყვეტილებაც მიიღო. 

დღევანდელ კონფერენციას კრიტიკა მოჰყვა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრის, ნაზი ჯანეზაშვილის, ასევე არასამთავრობო სექტორის მხრიდან. 

"თემურ გოგოხია არის რევაზ ნადარაიას ქვისლი, ის შეცვლის ნადარაიას და მის პოლიტიკას გააგრძელებს. ბადრი შონიას ჰქონდა ძალიან ცუდი როლი მედიაციის ასოციაციის შექმნის დროს, როცა ის იყო მცხეთის სასამართლოს თავმჯდომარე. მათ უკავიათ ადმინისტრაციული თანამდებობები სასამართლოში და შესაბამისად, ენდობა და კლანი. 

მიქაბერიძე უკანონოდ გახდა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე. დარღვევებით სავსე პროცესით მოხვდა ეს ადამიანი იქ, მანამდე მუშაობდა ქვედა ინსტანციებში. 

გოჩა აბუსერიძეც გამოირჩევა კლანის მხარდაჭერით. 

კლანი ირჩევს კლანს". - თქვა ნაზი ჯანეზაშვილმა. 

ნაზი ჯანეზაშვილისთვის მიუღებელია კონფერენციის დღეს გამართვაც, ვინაიდან, მისი განცხადებით, ეს შარლ მიშელის შეთანხმების დარღვევაა. 

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის მიერ წარმოდგენილი შეთანხმების დოკუმენტით, რომელსაც ხელისუფლებამ და ოპოზიციური პარტიების ნაწილმა ხელი მოაწერა, ნათქვამია, რომ საარჩევნო რეფორმის გატარებამდე, რომელიც უნდა დაეფუძნოს ვენეციის კომისიის 2019 წლის 24 ივნისის დასკვნას, პარლამენტმა თავი უნდა შეიკავოს უზენაეს სასამართლოში მოსამართლეების მოქმედი წესით დანიშვნისგან.

ასევე, დოკუმენტის მიხედვით, უნდა მოხდეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არსებითი რეფორმირება, გამჭვირვალობის, კეთილსინდისიერების და ანგარიშვალდებულების გაზრდის მიზნით. რეფორმა უნდა მოიცავდეს დანიშვნების, შერჩევის, დაწინაურების და დისციპლინარული ზომების სფეროსაც. რეფორმების შესაფასებლად მოთხოვნები შედგება და გაეგზავნება ვენეციის კომისიასა და ეუთო/ოდირ-ს, მათი რეკომენდაციები კი სრულად უნდა იქნას გათვალისწინებული.

21 მაისს დიპლომატებმა პარლამენტის თავმჯდომარეს ღია წერილით კი მიმართეს და იუსტიციის უმაღლეს საბჭოში დანიშვნების შეჩერება სთხოვეს, რაზეც კუჭავამ ასევე წერილით უპასუხა - მისი თქმით, პროცესს ვერ შეაჩერებდა.

აშშ-ის ელჩმა იუსტიციის უმაღლეს საბჭოს მოუწოდა, მოსამართლეთა შერჩევა ივლისამდე გადადოს. 


close დახურვა