logo
ENG



მოსამართლეთა ნაწილი კანონპროექტზე: დამოუკიდებელი მოსამართლეების დაშინების მცდელობაა

28 დეკ 202114:48
3 წუთის საკითხავი
 

მოსამართლეთა ნაწილი ქართული ოცნების მიერ ინიცირებულ კანონპროექტთან დაკავშირებით კრიტიკულ განცხადებას ავრცელებს. მათი თქმით, კანონპროექტით, მოსამართლეთა დევნა დასაშვები ხდება მათ მიერ გამოხატული კრიტიკული აზრის გამო, თუ მოსაზრება ვინმეს "გადაჭარბებულად", "არაპროპორციულად", ან პოლიტიკურად "არანეიტრალურად" მოეჩვენა.

"27 დეკემბერს მოსამართლეებმა მედიასაშუალებებით შევიტყვეთ, რომ "საერთო სასამართლოების შესახებ" კანონში ინიცირებულია ცვლილებები, რომლითაც მოსამართლეთა ინდივიდუალურ დამოუკიდებლობას არსებითი საფრთხე ექმნება.

აღნიშნული ცვლილებებით მარტივდება მოსამართლეთა დისციპლინურ პასუხისგებაში მიცემა, მოსამართლეთა ნებართვის გარეშე მივლინება, დასაშვები ხდება მოსამართლეთა სანქცირების მიზნით მათი სხვა სასამართლოში გადაყვანა, დაქვეითება და ა.შ. მოსამართლეთა დევნა დასაშვები ხდება ასევე მოსამართლეთა მიერ გამოხატული კრიტიკული აზრის გამო, თუ მოსაზრება ვინმეს "გადაჭარბებულად", "არაპროპორციულად", ან პოლიტიკურად "არანეიტრალურად" მოეჩვენა.

აღნიშნული ცვლილებებით დაკანონება ხდება ყველა იმ მართლსაწინააღმდეგო ქმედების, რაც მოსამართლეთა დევნის ეფექტიან და გამოცდილ მეთოდებად მიიჩნეოდა წლების განმავლობაში. რაც მთავარია, აღნიშნული ცვლილებებით ვბრუნდებით იმ დროში, როცა მოსამართლეებს დაცვის მექანიზმები არ ჰქონდათ და მივლინება "ურჩ" მოსამართლეთა დასჯის ეფექტიან მეთოდად გამოიყენებოდა. დამოუკიდებელი სასამართლო დამოუკიდებელ მოსამართლეებზე დგას. შესაბამისად, ნებისმიერი სამართლებრივი სახელმწიფოს მთავარი მიზანი და დასაცავი სიკეთე თავისუფალი და დამოუკიდებელი მოსამართლეების ხელშეუხებლობაა. წარმოდგენილი ცვლილებებით დამოუკიდებელი მოსამართლეების შესუსტება, მათი დაშინებისა და კრიტიკული აზრის გამოხატვის აკრძალვის მცდელობა ხდება", - ნათქვამია განცხადებაში.

მათი თქმით, "იუსტიციის უმაღლესი საბჭოსთვის მსგავსი უფლებამოსილების მინიჭებით ხელი შეეწყობა ძალაუფლების კიდევ უფრო მეტ კონცენტრაციას და ინდივიდუალური მოსამართლეების ხელთ არსებული დაცვის ბერკეტების კიდევ უფრო მეტად შესუსტებას. მოსამართლის საქმეში ჩაურევლობა მარტოოდენ კონკრეტული საქმეების გადაწყვეტაზე ზემოქმედების დაუშვებლობას არ გულისხმობს".

"სამოსამართლო თვითმმართველობა, სამოსამართლო აქტივიზმი, მართლმსაჯულების ადმინისტრირებასთან დაკავშირებით პოზიციების, მათ შორის, კრიტიკული მოსაზრებების გამოხატვაც სამოსამართლო საქმის ნაწილია. შესაბამისად, იუსტიციის უმაღლესი საბჭოსთვის შესაძლებლობის მიცემა, არაგანჭვრეტადი საკანონმდებლო ჩანაწერის საფუძველზე, მოსამართლის მიერ გამოხატული აზრის მიზანშეწონილობა შეაფასოს, ხმათა მარტივი უმრავლესობით თავისუფალი სიტყვისთვის მოსამართლეები დისციპლინურად დევნოს, არანებაყოფლობით სხვა სასამართლოში მიავლინოს, არის იერიში ინდივიდუალურ, დამოუკიდებელ და თავისუფალ მოსამართლეებზე. საგულისხმოა, რომ არსებული ეთიკური წესები და დისციპლინური პროცედურები საკმარისად ეფექტიანად უზრუნველყოფს სასამართლოს ნეიტრალიტეტისა და მიუკერძოებლობის პრინციპის დაცვას. ახალგაზრდა დემოკრატიის პირობებში, შესაძლებელია არსებობდეს, ან შემდგომში წარმოიშვას ისეთი გარემოებები, როდესაც მოსამართლის მიერ აზრის გამოხატვა, როგორც მოქალაქისა და საზოგადოების წევრის, არა მხოლოდ უფლება, არამედ ვალდებულებაცაა", - აღნიშნულია განცხადებაში.

მოსამართლეები ამბობენ, რომ თუ პარლამენტი მითითებულ ცვლილებებს მხარს დაუჭერს, აღნიშნული ცვლილებების მავნე ეფექტის თავის თავზე გადატანა ყველა მოსამართლეს, გრძელვადიან პერსპექტივაში კი საზოგადოების ყველა წევრს მოუწევს.

"შესაბამისად, მოგიწოდებთ, თავი შეიკავოთ "საერთო სასამართლოების" შესახებ კანონში აღნიშნული ცვლილებების განხორციელებისაგან და მუშაობა გააძლიეროთ ინდივიდუალური მოსამართლეებისათვის დამოუკიდებლობის უფრო მეტი გარანტიების შესაქმნელად. მხოლოდ ამ გზითაა შესაძლებელი კანონის უზენაესობაზე დაფუძნებული თავისუფალი სასამართლოს შექმნა. სამწუხაროდ, ყველა მოსამართლესთან ტექნიკურად დაკავშირება ვერ მოხერხდა, თუმცა, განცხადება ღიაა ხელმოსაწერად და გასაზიარებლად", - ნათქვამია განცხადებაში.

განცხადებას ხელს აწერენ: არეშიძე ეკა, გასიტაშვილი ეკატერინე, დარბაიძე ლევანი, დევიძე დევი, ებანოიძე გიორგი, კიკვაძე ციცინო, მესხიშვილი მანანა, მარტიაშვილი ზაზა, მაისურაძე მადონა, მესხიშვილი ქეთევან, სოხაშვილი - ნიკოლაიშვილი თეა, წიკლაური მამუკა, ხაჟომია თამარი, ბადრი ნიპარიშვილი.

ქართული ოცნების მიერ ინიცირებული კანონპროექტით, მოსამართლეს ეკრძალება აზრის გამოთქმა "გაწონასწორებულობის და ზომიერების კრიტერიუმის, ან - პოლიტიკური ნეიტრალიტეტის პრინციპის დარღვევით". 

წინააღმდეგ შემთხვევაში მოსამართლის მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის საკითხი დადგება. 

რაც შეეხება დისციპლური სახდელებს - არსებულ ჩამონათვალს: საყვედური; მკაცრი საყვედური; ხელფასის 5%-დან 20%-მდე დაქვითვა არაუმეტეს 6 თვის განმავლობაში; სასამართლოს თავმჯდომარის, სასამართლოს თავმჯდომარის პირველი მოადგილის ან მოადგილის, სასამართლო კოლეგიის ან პალატის თავმჯდომარის თანამდებობიდან გათავისუფლება; მოსამართლის თანამდებობიდან გათავისუფლება.

დაემატება შემდეგი ორი პუნქტი: 

  • იმავე ინსტანციის სხვა სასამართლოში გადაყვანა არაუმეტეს 5 წლის განმავლობაში;
  • სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის დაქვეითება რაიონულ (საქალაქო) სასამართლოში არაუმეტეს 5 წლის განმავლობაში;

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ანრი ოხანაშვილის თქმით, "საერთაშორისო სტანდარტია, რომ ნებისმიერი მოსამართლე უნდა იყოს პოლიტიკურად ნეიტრალური". 

"უნდა დაიცვას მთელი რიგი ის პრინციპები, რომელიც უკავშირდება პოლიტიკურ ნეიტრალურობას.

დღეს ერთ-ერთი სახდელი არის მოსამართლის გათავისუფლება. ჩვენ შემოგვაქვს დამატებით სახდელი, რომ მოსამართლე იყოს არა ჩამოცილებული საქმიანობიდან და გათავისუფლებული, არამედ იყოს სხვა უფრო მზღუდავი მექანიზმის გამოყენება - მაგალითად, სხვა სასამართლოში გადაყვანა". - თქვა ოხანაშვილმა

კანონპროექტით შემცირებულია დისციპლინური სამართალწარმოების ვადებიც. 

მოქმედი კანონმდებლობით, დამოუკიდებელ ინსპექტორს, რომელსაც სწორედ დარღვევების განხილვა ევალება, საჩივრის, განცხადების ან სხვა ინფორმაციის მიღების შემთხვევაში, მისი საფუძვლიანობის შესასწავლად 2 თვე აქვს. 

ინიცირებული კანონპროექტით, ეს ვადა ერთ თვემდე მცირდება. 

ანრი ოხანაშვილის თქმით, ამ ცვლილებების მიღება საერთაშორისო რეკომენდაციის გათვალისწინებით ხდება. 

ასევე, კანონპროექტის მიხედვით, იცვლება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ მოსამართლის მიმართ დისციპლინურ საკითხებზე გადაწყვეტილების მიღების კვორუმი. მოქმედი კანონმდებლობით ამისთვის საბჭოს სრული შემადგენლობის 2/3-ია საჭირო, ცვლილებებით კი საკმარისი იქნება ხმათა უმრავლესობა. 

საკანონმდებლო ცვლილებებს საქართველოს პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს.


close დახურვა