logo
ENG



მოსამართლემ სააკაშვილის ადვოკატების მოთხოვნა პროკურორების აცილებაზე არ დააკმაყოფილა

02 დეკ 202113:10
3 წუთის საკითხავი
 

მოსამართლე ბადრი კოჭლამაზაშვილმა ე.წ პიჯაკების საქმის პროცესზე მიხეილ სააკაშვილის ადვოკატების შუამდგომლობა პროკურორების აცილების შესახებ არ დააკმაყოფილა.

დაცვის მხარე პროკურორების, გიორგი მუჯირის და არჩილ ტყეშელაშვილის აცილებას ითხოვდა. ადვოკატები ამბობდნენ, რომ მათი განცხადებები პოლიტიკურად მოტივირებულია.

გვარამიამ პროცესზე მუჯირის მიერ გაკეთებული განცხადების ჩანაწერი ჩართო, რომელიც 2011 წლის 26 მაისს შეეხებოდა.

"2011 წლის 26 მაისს, მაშინ, როდესაც რუსთაველის გამზირზე, პოლიციის უკანონო ქმედებებით დასახიჩრდა და ჯანმრთელობის დაზიანება უამრავმა ადამიანმა მიიღო, მესამე დღეს სააკაშვილი მიემგზავრება ნიუ-იორკში, შემდეგ ბრუნდება ევროპაში და იტარებს კოსმეტიკურ პროცედურებს" - ამბობს პროკურორი ჩანაწერში.

გვარამიას თქმით, პროკურორის ეს განცხადება მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური და მორალური შეფასებაა და საქმის ბრალდებას არ ეხება. 

თბილისის საქალაქო სასამართლოში ე.წ პიჯაკების საქმეზე მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.

გამოძიება მიხეილ სააკაშვილს სახელმწიფოს კუთვნილი ქონების გაფლანგვას ედავება.

პროკურატურის მტკიცებით, 2009 წლის სექტემბრიდან 2013 წლის თებერვლის ჩათვლით პერიოდში, საქართველოს პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილის მიერ მისთვის და სხვადასხვა ფიზიკური პირებისათვის საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ გაწეული მომსახურებისთვის, საიდუმლო ფორმით, გაიფლანგა სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი 8 837 461 ლარი. ამ საქმეზე პროკურატურამ სააკაშვილს ბრალი 2014 წელს წარუდგინა.

მიხეილ სააკაშვილი დღეს, 7 ნოემბრის საქმის განხილვის პროცესის შემდეგ, სასამართლო პროცესს მეორედ ესწრება, მანამდე მას ამის უფლებას არ აძლევდნენ და მიზეზად შესაძლო დესტრუქციასა და სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის რისკებს ასახელებდნენ.


close დახურვა