logo
ENG



მოსამართლემ უარი თქვა, პიჯაკების საქმის სხდომა, საზმაუს გარდა, სხვა მედიებსაც გადაეღოთ

15 ნოე 202112:32
3 წუთის საკითხავი
 

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატებმა მოითხოვეს, ე.წ პიჯაკების საქმის სხდომის გადაღების უფლება საზოგადოებრივი მაუწყებლის გარდა, სხვა მედიებსაც მიეცეთ. 

მოსამართლე ბადრი კოჭლამაზაშვილმა უარი თქვა და შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. დაცვის მხარის ამ მოთხოვნას შეეწინააღმდეგა პროკურატურაც. 

ბრალდების მხარეს არც ის სურს, ადვოკატებმა სასამართლო დარბაზიდან მათივე ტელეფონით ფეისბუქ ლაივი გაუშვან. 

სხდომაზე დასწრების თხოვნა სასამართლომ მხოლოდ საზოგადოებრივ მაუწყებელს დაუკმაყოფილა, რომელსაც ვალდებულება აქვს, მასალა სხვა მედიებს მიაწოდოს. თუმცა, ვიდეომასალა, როგორც წესი, არის წყვეტილი და ფრაგმენტული, რაც სხვადასხვა მედიის ჟურნალისტებს სრული სურათის აღქმაში ხელს უშლის. 

10 ნოემბრის სხდომაზე, როცა თბილისის საქალაქო სასამართლო 7 ნოემბრის საქმეს განიხილავდა, მოსამართლეთა კოლეგიამ ადვოკატებს ტელეფონით ტრანსლაციის ნება დართო. 

დღევანდელ სხდომაზე დასწრების უფლება არ მიეცა თავად ბრალდებულს, მიხეილ სააკააშვილს. 

გადაწყვეტილება, სააკაშვილი არ გადაეყვანათ სასამართლო დარბაზში, პენიტენციურმა სამსახურმა მიიღო და მიზეზად სახელმწიფო გადატრიალების მიზნით შესაძლო დესტრუქცია დაასახელა. 

რაც შეეხება პიჯაკების საქმეს - ხელისუფლება მიხეილ სააკაშვილს სახელმწიფოს კუთვნილი ქონების გაფლანგვას ედავება. მასთან ერთად ბრალდებულია სახელმწიფო უზრუნველყოფის სააგენტოს ყოფილი უფროსი, თეიმურაზ ჯანაშია. პროკურატურა ამტკიცებს, რომ მიხეილ სააკაშვილმა 4 წლის განმავლობაში 9 მილიონი ლარი გაფლანგა. 


close დახურვა