იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატს, ნინო ქადაგიძეს უსმენენ. უმრავლესობის წევრი ნინო გოგუაძე დაინტერესდა თუ რას ნიშნავს მისთვის, როგორც მოსამართლისთვის, "სიძულვილის ენის" განმარტება.
"სიძულვილის ენას განმარტება არ აქვს. ალბათ სრული უხამსობა, რაც შეიძლება ჩაითვალოს სიძულვილის ენად. თუმცა, ვფიქრობ, რომ როგორც მოსამართლე, მე ძალიან ფართო განმარტებას ვაძლევ ამას. მთავარია, რომ დღეს ჩვენ უკვე ამერიკულ მოდელზე ვართ გადასული და აქედან გამომდინარე ძალიან ძნელია, რომ ვინმემ დაადასტუროს, რომ მის მიმართ გამოყენებული იქნა უხამსობის ენა," - განაცხადა ქადაგიძემ.
კითხვაზე, ფიქრობს თუ არა, რომ სიძულვილის ენა კანონმდებლობამ უნდა განმარტოს, ქადაგიძე აცხადებს, რომ ამის აუცილებლობა არ არსებობს.
"ეს არის ინდივიდუალური. სიძულვილის ენას ვერ განმარტავს უბრალოდ კანონმდებელი",- აცხადებს მოსამართლეობის კანდიდატი.
"ქართული ოცნების" დეპუტატი ნინო გოგუაძე ასევე დაინტერესდა რას ფიქრობს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატი ნინო ქადაგიძე, სიძულვილის ენასა და შეურაცხყოფას შორის არსებულ განსხვავებაზე.
"სიძულვილის ენა არის გარკვეული მოწოდება. ამაზე განმარტება ერთადერთი კომიტეტს აქვს მოცემული - სიძულვილის ენა ეს არის აშკარა და პირდაპირი მოწოდება რასობრივი, ეთნიკური, რელიგიური უფლებების ხელყოფისაკენ",- განაცხადა ნინო ქადაგიძემ.
შეგახსენებთ, რომ დღეიდან პარლამენტში მოსამართლეების მოსმენა გრძელდება. იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე დეპუტატების კითხვებს ამჯერად ნინო ქადაგიძე პასუხობს.
ქადაგიძე 2002-2012 წლებში საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლე იყო, 2013 წლიდან კი თბილისის სააპელაციო სასამართლოს პალატის მოსამართლეა. აღსანიშნავია, რომ ქადაგიძე მიხეილ ჩინჩალაძესთან, პაატა სილაგაძესა და გიორგი მიქაუტაძესთან ერთად, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ პირველად შედგენილ ათკაციან სიაშიც შედიოდა.