რუსეთის დედაქალაქ მოსკოვსა და მოსკოვის ოლქზე დრონებით მასშტაბური თავდასხმა განხორციელდა. უკრაინული მედიის ინფორმაციით, ხანძარი გაჩნდა ლოგისტიკურ ტექნოპარკ „სოფინოს“ ტერიტორიაზე და კაპოტნის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანასთან.
მოსკოვის ოლქის გუბერნატორმა ანდრეი ვორობიოვმა განაცხადა, რომ რეგიონში დრონებით მასშტაბურ თავდასხმას ორი ადამიანი ემსხვერპლა, რამდენიმე კი დაშავდა. მისივე ინფორმაციით, დაზიანებულია საცხოვრებელი კორპუსები და კერძო სახლები.
მოსკოვის მერის, სერგეი სობიანინის განცხადებით, ღამით მოსკოვისკენ მიმავალი დრონების შეტევა მოიგერიეს. მისი თქმით, თავდასხმის შედეგად ჩამოვარდნილი ნამსხვრევების ადგილებში საგანგებო სამსახურები მუშაობენ. მოგვიანებით სობიანინმა განაცხადა, რომ რუსეთის საჰაერო თავდაცვის ძალებმა, სავარაუდოდ, 151 დრონი გაანადგურეს.
მონიტორინგის არხების ცნობით, დრონები მოსკოვისკენ ჯგუფებად გადაადგილდებოდნენ. კაპოტნის რაიონში, სადაც ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა მდებარეობს, ძლიერი ხანძრის ამსახველი ვიდეოებიც გავრცელდა.
