ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების 67-ე რაუნდის დასრულების შემდეგ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს და კიდევ ერთხელ მოუწოდებს საქართველოს, ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო ხელისუფლებასთან ძალის გამოუყენებლობის შეთანხმება გააფორმოს.
განცხადებაში ვკითხულობთ, რომ 30 ივნისიდან 1-ლი ივლისის ჩათვლით ჟენევაში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის შესახებ საერთაშორისო დისკუსიების 67-ე რაუნდი გაიმართა, რომელშიც საქართველოს, რუსეთის, აშშ-ის, ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ასევე, შეხვედრაზე იმყოფებოდნენ გაეროს, ეუთოს და ევროკავშირის წარმომადგენლები.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო განცხადებაში ირწმუნება, რომ აუცილებელია პრაქტიკული ნაბიჯების გადადგმა ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, ამ კონტექსტში კი საქართველოსა და ოკუპირებული რეგიონების დე ფაქტო ხელისუფლებებს შორის ძალის გამოუყენებლობის შესახებ იურიდიულად სავალდებულო შეთანხმების გაფორმების აუცილებლობაზე საუბრობს.
"რუსული მხარემ დაჟინებით მოუწოდებს, დისკუსიების არსებული მანდატის შესაბამისად, გადაიდგას პრაქტიკული ნაბიჯები, რომლებიც აფხაზეთის რესპუბლიკისა და სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის მყარ უსაფრთხოებას უზრუნველყოფს.
საუბარია საქართველოსა და ორ სუვერენულ რესპუბლიკას შორის ძალის გამოუყენებლობის შესახებ იურიდიულად სავალდებულო შეთანხმების შემუშავებაზე.
ასეთი შეთანხმების გაფორმება არა მხოლოდ მნიშვნელოვან იმპულსს მისცემდა ჟენევის დისკუსიების ეგიდით მიმდინარე მოლაპარაკებებს, არამედ მნიშვნელოვანი წვლილი იქნებოდა მთლიანად რეგიონის სტაბილურობის განმტკიცებაში", - ვკითხულობთ რუსეთის საგარეო უწყების განცხადებაში.
ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების 67-ე რაუნდის შემდეგ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრმა ოლეგ ბარციცმა განაცხადა, რომ ქართული მხარე ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმების მიღწევისკენ დამატებით პროგრესს შეუძლებელს ხდის.
