Washington Post წერს, რომ მოსკოვში ვაქცინაციაზე რეგულაციების გამკაცრების პარალელურად, კოვიდ ვაქცინის ყალბი სერთიფიკატის გაყიდვა დაიწყეს.
ორშაბათს, 28 ივნისს, მოსკოვის მერმა თქვა, რომ კორონავირუსზე ვაქცინაცია სავალდებულო იქნება ქალაქის მომსახურების სფეროში დასაქმებულებისთვის.
ამასთან, Washington Post-ს ანონიმურმა წყარომ მიაწოდა ინსტაგრამ მიმოწერის ასლები, სადაც მას თაღლითურად შექმნილი კოვიდვაქცინაციის სერთიფიკატს, დაახლოებით, $25-ად სთავაზობდნენ. ამისათვის, წყაროს მხოლოდ თავისი პირადი ინფორმაცია უნდა გაეგზავნა.
ორშაბათს გამოცხადებული ახალი რეგულაციებით, მოსკოვში დასაქმებული მასწავლებლების, ტაქსის მძღოლებისა და გაყიდვების სფეროში დასაქმებულთა 60% უნდა აიცრას, ან სხვა სამუშაო იპოვოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, აუცრელი პირების დამსაქმებლებისთვის სანქციებია გათვალისწინებული.
ახალი წესებით, რესტორნებში, ან ბარში შესულმა პირებმა QR კოდით უნდა დაადასტურონ, რომ აცრილები არიან, ან PCR ტესტის უარყოფითი პასუხი წარადგინონ.
16 ივნისს მერმა, სერგეი სობიანინმა, თქვა, რომ მოსკოვში მცხოვრებთა მხოლოდ 15%-ია აცრილი. ვაქცინირებულთა რიცხვი დაბალია მთელი ქვეყნის მასშტაბითაც, რაც 11,5%-ს შეადგენს. მერის განცხადებითვე, მოსკოვში ახალი შემთხვევების 90% "დელტა" (ინდური) ვარიანტია, რომელიც ყველაზე სწრაფი გავრცელებით გამოირჩევა.
Forbes-ის მონაცემებით, ივნისის შუა რიცხვენისთვის რუსეთში 500 ახალდარეგისტრირებული დომეინი იპოვეს, რომელიც ტელეგრამსა და "დარქ ვების" ფორუმებზე ვაქცინაციის ყალბ სერთიფიკატს ყიდდა.