logo
ENG



მოსყიდვა, ზეწოლა, პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლება - ISFED-ის წინასაარჩევნო ანგარიში

01 სექ 202119:22
3 წუთის საკითხავი
 
მოსყიდვა, ზეწოლა, პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლება - ISFED-ის წინასაარჩევნო ანგარიში

ISFED-მა 2021 წლის არჩევნების ოფიციალური წინასაარჩევნო პერიოდის მონიტორინგის I შუალედური ანგარიში წარადგინა. 

ანგარიში 2021 წლის 3 აგვისტოდან 30 აგვისტოს ჩათვლით პერიოდს მოიცავს, ასევე, ცალკეულ ისეთ მოვლენას, რომლის განვითარება 3 აგვისტომდე დაიწყო და მონიტორინგის პერიოდშიც მიმდინარეობდა ან მის შესახებ მონიტორინგის დროს გახდა ცნობილი.

ორგანიზაციის დაკვირვებით, საანგარიშო პერიოდში გამოვლინდა:

  • სამსახურიდან სავარაუდოდ პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლების/წასვლის იძულების - 15, 
  • სავარაუდოდ პოლიტიკური ნიშნით ზეწოლის/მუქარის/ხელის შეშლის - 11,
  • ადმინისტრაციული რესურსის სავარაუდო გამოყენების - 13,
  • სოციალური ქსელით აგიტაციის - 6,
  • ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვის - 4,
  • მოქმედი თანამდებობის პირების კამპანიის - 8 ფაქტი.

გამოვლინდა მმართველი პარტიის მიერ სამართლიანი არჩევნების წარმომადგენლებისთვის დაკვირვებაში ხელშეშლის ტენდენცია მთელი საქართველოს მასშტაბით.

ასევე, გამოიკვეთა, საგანმანათლებლო დაწესებულებაში დასაქმებული პირების ქართული ოცნების კამპანიაში ჩართვის პირდაპირ ან/და ირიბად იძულების შემთხვევები.

სამართლიანი არჩევნები ასევე აცხადებს, რომ ორგანიზაციამ დატოვა საკონსულტაციო საბჭო, რომელიც წელს პირველად შეიქმნა და საჩივრების განხილვის პროცესთან დაკავშრებით სარეკომენდაციო რჩევების გაცემის ფუნქცია აქვს. ISFED ამბობს, რომ საბჭოს დატოვების მიზეზი გადაწყვეტილების მიღების კონსენსუსზე დაფუძნებული წესის ცვლილებისა და ჯგუფის წევრთა ნაწილის არასანდო რეპუტაციის და მიკერძოების გამო.

ორგანიზაცია შუალედურ ანგარიშში ლაპარაკობს მედიაგარემოზეც, რომელიც, მისივე შეფასებით, პოლარიზებული რჩება. 

ISFED აქცენტს აკეთებს იმაზე, რომ საანგარიშო პერიოდში რამდენიმე ჟურნალისტი ტელევიზიებიდან წავიდა არხის სარედაქციო პოლიტიკის ცვლილებისა და დამოუკიდებლობაში ჩარევის მცდელობის მიმართ წინააღმდეგობის გამო.

ორგანიზაციის ყურადღების ქვეშ მოექცა საზოგადოებრივი მაუწყებლიდან ირაკლი აბსანძის გათავისუფლებაც, რაც, შესაძლოა, უკავშირდებოდეს მის მიერ ბოლო პერიოდში ხელისუფლებისა და ტელევიზიის ხელმძღვანელობის მიმართ გაკეთებულ კრიტიკულ განცხადებებს;

ანგარიშში ნახსენებია ტელეკომპანია „იმედის“ მიერ „ევროპული საქართველოს“ რეკლამის გაშვებაზე უარი, სიძულვილის ენის შემცველი შინაარსის მიზეზით, რაც ტელეკომპანიის მიერ პოლიტიკური რეკლამის შინაარსში ჩარევის ნიშნებს შეიცავს;

ISFED აღნიშნავს, რომ ტენდენციის სახე ჰქონდა ორგანიზაციის დამკვირვებლებისთვის დაკვირვების უფლების შეზღუდვას მართველი პარტიის მიერ. „ქართული ოცნება“, უმეტესად, უარს ამბობდა, დამკვირვებელი დაეშვა კანდიდატების წარდგენის ღონისძიებებზე.

ორგანიზაციის დაკვირვებით, ტენდენციის სახე აქვს შესაძლო პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლების, ზეწოლისა და მტრული სამუშაო გარემოს შექმნის ფაქტებს მთელი საქართველოს მასშტაბით, რომლებიც, ძირითადად, პარტია საქართველოსთვის მხარდამჭერების ან მის მიმართ კეთილგანწყობილი პირების წინააღმდეგაა მიმართული. სამართლიანი არჩევნები გათავისუფლებული ადამიანების უფლებებს სასამართლოში იცავს. 

საანგარიშო პერიოდში დააზიანეს ოპოზიციური პარტია დროას ოფისი ზუგდიდში - ფასადზე უხამსი წარწერები დატოვეს და პლაკატი დააზიანეს. აღსანიშნავია, რომ ეს დროას ოფისთან დაკავშირებით პირველი შემთხვევა არაა, ცოტა ხნის წინ ოფისში შევარდა ადამიანი, რომელიც სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა პარტია დროა -ს და მის ხელმძღვანელ ელენე ხოშტარიას;

ანგარიშში წერია ისიც, რომ არჩევნების მოახლოებასთან ერთად მკვეთრად იმატა ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებისა და არაუფლებამოსილი პირების საარჩევნო კამპანიაში მონაწილეობის ფაქტებმა.

ISFED აცხადებს, რომ შეინიშნება მმართველი პარტიის სასარგებლოდ, რეგიონებში, სკოლის პერსონალის რესურსის საარჩევნო მიზნებისთვის გამოყენების და მათი წინასაარჩევნო კამპანიაში ჩართვის ფაქტები.


close დახურვა