logo
ENG



მოქალაქე: ბერასთან დაკავშირებულმა პირებმა ჩემი ახლობელი ცემეს და უკაცრიელ ადგილას დატოვეს

08 მარ 202120:16
3 წუთის საკითხავი
 

მოქალაქე ლევან ჭანტურია ფორმულასთან საუბარში აცხადებს, რომ 2017 წელს, ბერა ივანიშვილთან დაახლოებულმა პირებმა, მის ახლობელს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს და ნაცემი უკაცრიელ ადგილას დატოვეს. ჭანტურიას თქმით, მიზეზი ბერა ივანიშვილზე ნეგატიური კომენტარები გახდა.

ჭანტურიას ამბობს, რომ შემთხვევა დიდგორის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა.

"მანქანაში ჩასვეს ძალით გამოყენებით და მისი ნების საწინააღმდეგოდ ქალაქიდან გაიყვანეს, დიდგორის მიმართულებით, როგორც მომიყვა. ჰქონდა ადგილი ფიზიკურ შეურაცხყოფას და უფრო მეტად სიტყვიერ შეურაცხყოფას. ხელოვნური აუზი იყო ძველი და იქ ჩატოვეს. უკაცრიელ ადგილას მიატოვეს გალახული, შეურაცხყოფილი და წამოვიდნენ", - აცხადებს ჭანტურია.

ტვ პირველის გადაცემაში ნოდარ მელაძის შაბათი, სატელეფონო საუბრის ჩანაწერი გავრცელდა, რომლის მიხედვითაც, ქართული ოცნების ყოფილი თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ვაჟი ბერა და ქვეყნის მოქმედი პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი Facebook-კომენტარის გამო სკოლის მოსწავლეზე განხორციელებულ ძალადობრივ ანგარიშსწორებას განიხილავენ.

ჩანაწერი მოიცავს კიდევ რამდენიმე საუბარს ბერა ივანიშვილსა და ღარიბაშვილს შორის, რომელშიც მონაწილეები ბერას შეურაცხყოფის გამო მსგავსი ანგარიშსწორების რამდენიმე შემთხვევას იხსენებენ და განიხილავენ.

ჩანაწერში ბერა ივანიშვილი ელაპარაკება სახელმწიფო დაცვის სამსახურის უფროსს, ანზორ ჩუბინიძეს. ირკვევა, რომ ის ბერას მითითებებს ასრულებდა და არასრულწლოვნებს, რომლებიც ივანიშვილს მისთვის მიუღებლად მოიხსენიებდა, პირადად ემუქრებოდა. 

ჩანაწერის გამოქვეყნების შემდეგ, არა ერთმა ადამიანმა მედიისა და თუ სოციალური ქსელის საშუალებით განაცხადა, რომ ბერა ივანიშვილმა ან მასთან დაახლოებულმა პირებმა, ბერაზე ნეგატიური კომენტარის გამო, მათ სიტყვიერი ან ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.

ქართულ ოცნებას არ უარუყვია, რომ ჩანაწერი ავთენტურია, ისინი აქცენტს საუბრის დროზე აკეთებენ და ამბობენ, რომ ის 2010-2011 წლებშია გაკეთებული.  


close დახურვა