მოქალაქეები ჩივიან, რომ როგორც კორონავირუსის სიმპტომების, ისე სხვა პრობლემების დროს 112-სგან დახმარების მიღებას ვერ ახერხებენ, შინაგან საქმეთა სამინისტრო კი მოქალაქეებს არამიზნობრივ ზარებში ადანაშაულებს და მათ "მაღალი პასუხისმგებლობისკენ" მოუწოდებს.
უწყებამ განცხადება გაავრცელა, რომელშიც მიუთითა, რომ ბოლო 24 საათის განმავლობაში 112-ში 3000-მდე არამიზნობრივი და საინფორმაციო ტიპის ზარი შევიდა, რაც მნიშვნელოვნად აფერხებს სამუშაო პროცესს და გადაუდებელ დახმარებას ვერ იღებს ის, ვისაც ეს რეალურად სჭირდება.
"დარეკეთ, მხოლოდ მაშინ, როცა გესაჭიროებათ საპატრულო პოლიციის, სასწრაფო სამედიცინო და სახანძრო/სამაშველო სამსახურების დახმარება. ასევე, დაგვიკავშირდით კორონავირუსული სიმპტომების გამოვლენისთანავე, რათა მიიღოთ შესაბამისი კონსულტაცია ოჯახის ექიმისგან.
კორონავირუსის პანდემიამდე, ცენტრში, 24 საათის განმავლობაში, საშუალოდ 13 000-მდე ზარი შემოდიოდა, დღევანდელი მონაცემებით კი, ოპერატორები 18 000-მდე ზარს პასუხობენ. შესაბამისად, მობილიზებულია დამატებითი ცვლები, რათა თითოეულ ზარზე ოპერატიულად მოხდეს რეაგირება.
112 არის გადაუდებელი დახმარების ნომერი, კორონავირუსთან და მის მართვასთან დაკავშირებული საინფორმაციო ტიპის შეკითხვებისთვის შეგიძლიათ მიმართოთ მთავრობის ცხელ ხაზს - 144", - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.
ამავე დროს, ხელისუფლების მხრიდან ახალი კორონავირუსის მართვა შემდეგნაირად უნდა მოხდეს: სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში მოქალაქემ 112-ზე უნდა დარეკოს და სწორედ ასე მიიღებს შემდგომი მოქმედების ინსტრუქციებს.
თუმცა, მოქალაქეები 112-თან დაკავშირებას ვერ ახერხებენ.
ფორმულამ რამდენიმე ადამიანი ჩაწერა, რომლებმაც დახმარება, საჭიროების მიუხედავად, ვერ მიიღეს.
მათ შორის ერთ-ერთი მარიამ თევდორაძეა. როგორც მან ფორმულას უთხრა, ჰქონდა მაღალი სიცხე და სუნთქვის გაძნელება - ანუ ახალი კორონავირუსის სიმპტომები, თუმცა, 112-მა არანაირი დახმარება არ გაუწია. მიუხედავად იმისა, რომ ის ბათუმში ინფიცირებულ ორ მცირეწლოვანთან და 70 წლის დედამთილთან ერთად ორი დღის განმავლობაში ცდილობდა, სახლში სასწრაფო დახმარება მიეღო.
კიდევ ერთმა კოვიდინფიცირებულმა მარიტა გიგინეიშვილმა კი თქვა, რომ კოვიდსასტუმროში გადაყვანას ითხოვდა, რადგან იზოლაციის წესებს სახლში ვერ დაიცავდა. თუმცა, 112-ისგან პასუხს კოვიდსასტუმროში გადაყვანის შესახებ 3 დღის განმავლობაში ელოდა.