პროცესი, რომელზეც თბილისის საქალაქო სასამართლოს ქვეყანაში დაბრუნებული საქართველოს მოქალაქეების კარანტინში მოთავსების წესზე უნდა ემსჯელა, გადაიდო. სარჩელი „საქართველოს იურისტთა ასოციაციამ" ბერლინში მცხოვრები არქიტექტორის, თორნიკე კუბლაშვილის სახელით შეიტანა. ორგანიზაციაში მიიჩნევენ, რომ 14-დღიან იძულებით კარანტინში მხოლოდ ქვეყანაში შემოსული საქართველოს მოქალაქეების მოთავსება დისკრიმინაციულია და რეგულაციის ბათილად ცნობას მოითხოვენ.
საქართველოს იურისტთა ასოციაცია ერთადერთი ორგანიზაცია არაა, რომელიც ხელისუფლებას პანდემიასთან ბრძოლის პროცესში ადამიანის უფლებების დარღვევაში ადანაშაულებს. კიდევ ერთი სარჩელი ორგანიზაცია „უფლებები საქართველომ" ჯანდაცვის სამინისტროს წინააღმდეგ შეიტანა. ორგანიზაციის იურისტი განმარტავს, რომ ბელარუსიდან ჩამოსული საქართველოს მოქალაქეები ისეთ საკარანტინო ზონაში მოათავსეს, რომელიც არასრულწლოვნის ჯანმრთელობას სერიოზულ ზიანს აყენებს. ოჯახმა საკარანტინე პირობების შეცვლის მოთხოვნით ყველა უფლებამოსილ სტრუქტურას მიმართა, თუმცა უშედეგოდ. ბავშვს ამ დრომდე მძიმე ფსიქოლოგიური აშლილობა აქვს. არასამთავრობო ორგანიზაცია მოსარჩელისთვის მორალური ზიანის ანაზღაურებას და ბავშვის უფლებების ხელყოფის ფაქტის დადგენას მოითხოვს.
მთავრობა რომ კოვიდ 19-თან ბრძოლაში ადამიანის უფლებებს ხშირად არღვევს, ამაზე ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებიც საუბრობენ. გიორგი კანდელაკი მიიჩნევს, რომ საიას მიერ შეტანილი სარჩელის განხილვა იმიტომ გადაიდო, რომ მთავრობის წარმომადგენელმა საჭირო დოკუმენტები განზრახ არ წარადგინა. ნორმა რომლითაც ხელისუფლება მოქმედებს ოპოზიციაში უსამართლოდ მიაჩნიათ. მათთვის გაუგებარია, რატომ ათავსებენ უსაფრთხო ე.წ. „გამწვანებული" ქვეყნებიდან დაბრუნებულ საქართველოს მოქალქეებს კარანტინში, იმ დროს, როცა სხვა ქვეყნის მოქალაქე ქვეყანაში ყველანაირი დაბრკოლების გარეშე შემოდის. ოპოზიციური პარტიების უმეტესობა რეგულაციების გაუქმებას მოითხოვს.
საია-ს სარჩელს თბილისის საქალაქო სასამართლო 10 სექტემბრის შემდეგ განიხილავს. თუმცა, ზუსტი თარიღი უცნობია. სასამართლო სხდომის მაქსიმალურად მოკლე დროში ჩანიშვნას ითხოვს ორგანიზაცია „უფლებები საქართველოც" რადგან კარანტინში, სტრესულ გარემოში არასრულწლოვნის მიერ გატარებული ყოველი დღე, მის ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე უკიდურესად უარყოფითად აისახება. პოზიციის დაფიქსირება ჯანდაცვის სამინისტროსაც ვთხოვეთ, თუმცა უწყებაში კომენტარის გაკეთება არ ისურვეს.