მოქალაქეებმა 3 400 ლარზე მეტი შეუგროვეს ხულოში მცხოვრებ დათო სოლომონიძეს, რომელმაც ალტ-ინფოს პარტიას თავისი ოფისი დაატოვებინა. თანხის შეგროვების კამპანია სოლიდარობის ფონდმა დაიწყო.
ალტ-ინფოს პრორუსულ პარტიას კონსერვატიულ მოძრაობას ხულოს ოფისი გახსნის დღესვე დაატოვებინეს. სოლომონიძის თქმით, თავიდან არ იცოდა, ვინ ქირაობდა ფართს. როგორც იგი აღნიშნავს, შეგროვებული თანხიდან 1 000 ლარს უკრაინელების დასახმარებლად გადარიცხავს.
"როდესაც მე მივიღე გადაწყვეტილება, რომ ჩემი ფართიდან გამეშვა ის ხალხი, ეს გავაკეთე იმიტომ, რომ არ მინდა ჩემს მუნიციპალიტეტში ვინმემ ვინმეზე იძალადოს და დააპირისპიროს ადამიანები ერთმანეთს. ჩემთვის ფული არ ღირს იმად, რომ ხვალ ვინმემ მოღალატე მიწოდოს.
გუშინ ჩემს ანგარიშზე მესიჯები არ წყდებოდა. ერთ დღეში დამერიცხა 3430 ლარი, რაც ძალიან მეუხერხულება, მაგრამ ახლა მხოლოდ მადლობის გადახდა დამრჩენია", - წერს სოლომონიძე ფეისბუქზე.
რეგიონებში ალტ-ინფოს პარტიის ოფისების გახსნა ადგილობრივები პროტესტით ხვდებიან. რაჭაში მოქალაქეებმა აქცია მოაწყვეს. მესტიაში, ხულოსა და შუახევში კი პრორუსულ ორგანიზაციას ოფისები დაატოვებინეს.