თემა, რომელსაც „ქართული ოცნება" ხელოვნურად გააქტიურებულს უწოდებს, მოქალაქეთა ეკონომიკურ დახმარებას შეეხება. სწორედ ამაზეა დამოკიდებული - დაუჭერს თუ არა მხარს ოპოზიცია საგანგებო მდგომარეობის გახანგრძლივებას. თუმცა, ოპონენტების ბოიკოტი მმართველ გუნდს დისკოფორტს არც ამჯერად უქმნის; გადაწყვეტილება მიღებულია - შეზღუდვები სამი კვირით, 10 მაისამდე გაგრძელდება. პრეზიდენტი დეკრეტით საკანონმდებლო ორგანოს რამდენიმე დღეში მიმართავს. პლენარული სხდომა კი, სავარაუდოდ, 21 აპრილს გაიმართება.
მმართველი პარტია პარლამენტში ისევ მარტო იქნება თუ ხელისუფლებამ ანტიკრიზისული გეგმა არ წარმოადგინა. დოკუმენტში დეტალურად უნდა იყოს გაწერილი - როგორ დაეხმარება მთავრობა მოქალაქეებსა და დაზარალებულ ბიზნეს. სხვა შემთხვევაში - როგორც ოპოზიციაში მიაჩნიათ, საგანგებო მდგომარეობა შეაჩერებს ეკონომიკას და არა ვირუსის გავრცელებას,]. განსაკუთრებით მაშინ, როცა ადგილი აქვს შერჩევით სამართალს და შეზღუდვები პრივილეგირებულ ჯგუფებზე არ ვრცელდება.
კარანტინის ზომების დარღვევისთვის სამართალდამცველებმა 10 მილიონ ლარზე მეტის ჯარიმა გამოწერეს. თუმცა, ეს მართლამადიდებლური ეკლესიის მრევლს არ შეხებია. ფაქტი მესამე სექტორისთვისაც შერჩევითი სამართალია. არასამთავრობო ორგანიზაციები ხელისუფლებას მხოლოდ ორმაგი სტანდარტებისთვის არ აკრიტიკებს. მათ მიაჩნიათ, რომ პროცესი გამჭვირვალედ არ მიმდინარეობს. უცნობია თუ რა მითითება აქვთ სამართალდამცველებს მიღებული, რაც ძალაუფლების გადამეტების რისკებს ზრდის.
მესამე სექტორს შენიშვნები პარლამენტთანაც აქვს. მაშინ როცა საზოგადოებრივი კონტროლი შესუსტებულია - საკანონმდებლო ორგანო აქტიური უნდა იყოს. თუმცა, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შემდეგ , დეპუტატები საკომიტეტო ფორმატში მხოლოდ რამდენჯერმე შეიკრიბნენ.