logo
ENG



მოქალაქის თქმით, თბილისის ერთ-ერთ ბარში თანხა გამოსძალეს და სცემეს

01 სექ 202021:57
3 წუთის საკითხავი
 
jjyykpqp29w8jwb.jpg

მოქალაქე ივიკო ფრუიძე აცხადებს, რომ თბილისში, პეკინის ქუჩაზე მდებარე Skygirls Bar-ში დაცვის თანამშრომლებმა სცემეს, ხელი მოტეხეს და ცხვირი გაუტეხეს. იგი ამის შესახებ Facebook-ის საკუთარ გვერდზე წერს და ჰყვება, რომ ამ ყველაფერთან ერთად, თაღლითობის მსხვერპლიც გახდა. 

"წამაქციეს, მირტყამდნენ უმოწყალოდ, არ მაძლევდნენ ფეხზე წამოდგომის საშუალებას. ყოველ წამს მხვდებოდა უამრავი მუშტი თუ წიხლი სხვადასხვა მიმართულებიდან. მათ შორის განსაკუთრებული აგრესიულობით გამოირჩეოდა ბარის ერთერთი თანამშრომელი გოგო, რომელიც დაცვის წევრების მიერ დაგდებულს მირტყამდა სკამს", - ამბობს ფრუიძე.

მოქალაქე იხსენებს, რომ ყველაფერი ბარის "აბსურდული ანგარიშით" დაიწყო, სადაც 5 კოქტეილის ნაცვლად 25 ეწერა, მომსახურების პროცენტის გარდა კი, კიდევ იყო დამატებული გაურკვეველი სოლიდური თანხა. მისი თქმით, დაცვის თანამშრომლების აგრესია, ანგარიშის გამო მის მიერ გამოთქმულმა პროტესტმა გამოიწვია. 

"თავიდან მომსახურე პერსონალს ვუთხარი, ალბათ რაღაც შეცდომაა ეს ჩვენი ანგარიში არ არის-მეთქი. არაო თქვენიაო, თქვენს მეგობართან, რომ გოგოა იმან შეუკვეთაო. ვკითხე ყველას და გაურკვეველი შეკვეთები არცერთ ჩემს მეგობართან არ ყოფილა შეთანხმებული.

მივხვდი, რომ თაღლითური სქემით მუშაობდა ბარი, რაზეც გამოვხატე ჩემი ღია პროტესტი თითოეულ თანამშრომელთან, ღიად დავადანაშაულე ისინი თაღლითობასა და უღირს ქცევაში, პრინციპული უარი განვაცხადე თანხის გადახდაზე და მოვითხოვე კამერების ამოღება.

რის შემდეგაც მოვიდა დაცვა, გამიყვანა გარეთ და გამომკითხა, თუ რატომ ვიყავი უკმაყოფილო და რატომ ვამბობდი უარს ანგარიშის გადახდაზე? სრულიად რაციონალურად ავუხსენი დაცვას ჩემი აღშფოთების მიზეზი, თუმცა ამასობაში ჩემმა ძმაკაცმა მაინც გადაწყვიტა, რომ ანგარიში გადაეხადა, შებრუნდა ბარში და გადაიხადა თაღლითურად შედგენილი ანგარიში იმ მოტივით, რომ უხერხული ინციდენტი ამოწურულიყო. ტერმინალით რა თქმა უნდა არ გადაახდევინეს, ჩეკიც მოითხოვა და არ მისცეს (ასე იციან თაღლითებმა) მე კი დავრჩი გარეთ დაცვასთან სრულიად წყნარ სიტუაციაში და ეხლა ხდება საოცრება:

დაცვის ერთერთი წევრი მეუბნება, რომ ვითომ ჩემი ბარში შებრუნებული ძმაკაცი მეძახის. რის შემდეგაც შევდივარ ბარში და მხვდება 5 დაცვის წევრის და ერთი მომუშავე პერსონალის ჩასაფრება. სულ ექვსი ადამიანის. მოვექეცი მათ ალყაში და დამიწყეს ცემა", - ჰყვება ის. 

ფრუიძე ამბობს, რომ ერთი ოპერაცია უკვე ჩაუტარეს და წინ აქვს მეორეც. ასევე, აქვს ტვინის შერყევა და დაჟეჟილობები სხეულის ყველა წერტილში.

იგი მომხდარის შესახებ საკუტარ Facebook გვერდზე დეტალურად ჰყვება და ფოტოებსაც ავრცელებს.  

შინაგან საქმეთა სამინისტროში ფორმულას უთხრეს, რომ საქმეზე უკვე დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის კოდექის 126-ე მუხლით, რაც ძალადობას გულისხმობს. 


close დახურვა