logo
ENG



მოშიმშილე ბავშვები და გათავისუფლებული სოც. მუშაკები - ტიკარაძემ კითხვები უპასუხოდა დატოვა

05 თებ 202020:53
3 წუთის საკითხავი
 

უმძიმესი ტრაგედიიდან მეორე დღეს, ქვეყნის სოციალური პოლიტიკა მთავარი განსახილველი საკითხი იყო პარლამენტში, სადაც დეპუტატების კითხვებზე საპასუხოდ ჯანდაცვის მინისტრი, ეკატერინე ტიკარაძე მივიდა. მიუხედავად იმისა, რომ სხდომას არ ესწრებოდა ოპოზიცია, განხილვა მაინც მწვავე შედგა. მინისტრისგან განმარტებებს „ქართული ოცნების“ ყოფილი თანაგუნდელები მოითხოვდნენ. უსაფუძვლოდ გათავისუფლებული  სოციალური მუშაკები, 520-ე დადგენილება და მედიკამენტების გაზრდილი ფასები ის მწვავე საკითხებია, რომელიც სესიაზე დაისვა, თუმცა მთავარი თემა ბავშვთა სიღარიბე იყო. „ქართული ოცნების“ დეპუტატებმა მინისტრთან გადაამოწმეს, შიმშილობენ თუ არა ქვეყანაში ბავშვები.

მართლა შიმშილობენ ქვეყანაში ბავშვები, ქალბატონო მინისტრო? ამ კითხვის ავტორი მმართველი გუნდის დეპუტატია - ის, ვინც წესით კარგად უნდა იცოდეს, რომ საქართველოში ყოველი მეხუთე ბავშვი სიღარიბის ზღვარს მიღმა ცხოვრობს; თუმცა მინისტრმა მოხსენებაც და შემდეგ კითხვა-პასუხიც ისე დაასრულა, რომ ამ საგანგაშო მაჩვენებელზე არაფერი უთქვამს. ერთ-ერთი მთავარი თემა, რომელზეც ეკატერინე ტიკარაძეს დეპუტატებმა განმარტებები მოსთხოვეს სწორედ ბავშვთა სიღარიბე და სოციალური პოლიტიკა იყო. უსაფუძვლოდ გათავისუფლებული  სოციალური მუშაკები, 520-ე დადგენილება და მედიკამენტების ფასები -  განსაკუთრებით მწვავე ყოფილი თანაგუნდელების შეკითხვები აღმოჩნდა.

ტიკარაძემ სამსახურიდან გათავისუფლებული სოციალური მუშაკები იმით ანუგეშა, რომ ხელახალ კონკურსში მონაწილეობას შეძლებენ და მათ სამხრე კამერები ექნებათ. რაც შეეხება სოციალურად დაუცველებს - ტიკარაძემ აქაც ოპოზიცია დაადანაშაულა.

ჯანდაცვის მინისტრს კრიტიკა არც პარლამენტის მიღმა მოჰკლებია. ოპოზიცია ამბობს, რომ ტიკარაძის არცერთმა რეფორმამ არ გაამართლა. განსაკუთრებით საგანგაშოა 520-ე დადგენილების შედეგები, რომელმაც კლინიკებში მომსახურე პერსონალის შემცირება და მათი ხელფასების განახევრება გამოიწვია. ეს ცვლილება კლინიკებს ავალდებულებს პაციენტს სახელმწიფოს მიერ დადგენილი ტარიფით მოემსახურონ. 

კრახით დასრულებულ რეფორმებზე საუბრისას კიდევ უფრო შორს მიდიან ექსპერტები. 520 დადგენილებასთან ერთად მათ შეშფოთებას სოციალური მუშაკების წინააღმდეგ დაწყებული კამპანია იწვევს. ამ პოლიტიკას „ტიკარაძის სადამსჯელო" შტურმი უკვე უწოდეს.


close დახურვა