მოძრაობა „შეცვალეს" წევრები გვიან ღამით მთავარ სამმართველოსთან მივიდნენ. სიგნალებითა და შეძახილებით აქტივისტებმა აქციის ორგანიზატორებისა და აქტივისტების დაკავება გააპროტესტეს და მათი გათავისუფლება მოითხოვეს. ამ ფორმით მათ დაკავებულებს შეახსენეს, რომ მარტო არ არიან. „შეცვალეს" აქტივისტები მთავარ სამმართველოსთან დაბრუნებას რამდენიმე საათში კვლავ გეგმავენ. ისინი იქამდე დაიცდიან, სანამ დაკავებულებს შენობიდან არ გამოიყვანენ.
ორგანიზაციის ერთ-ერთი წევრის განცხადებით, ისინი კვლავ აპირებენ ქუჩაში პროტესტის გაგრძელებას და ხელისუფლებისთვის დისკომფორტის შექმნას.
„ჩვენ არ ვაპირებთ არანაირად დანებებას, ჩვენი გეგმა არის შემდეგი, რომ ვაგრძელებთ ქუჩაში აქციების მოწყობას, დისკომფორტის შექმნას "ქართული ოცნების" ყველა წევრისთვის და მათ შორის ლიდერებისთვის, ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ ბიძინა ივანიშვილი დამთავრდა. ეს არის შეშინებული ადამიანის, შეშინებული ხელისუფლების სახე ის, რაც ჩვენ დღეს ვიხილეთ რუსთაველზე, ერთხელ დაგვარბევენ ორჯერ დაგვარბევენ კიდევ უფრო მეტნი გამოვალთ და უფრო მწვავე პროტესტს მივმართავთ“,-განაცხადა ორგანიზაციის ერთ-ერთმა წევრმა.