საქართველოს მასშტაბით მოძრაობა სრულად გაჩერებულია. ქუჩების დაცარიელებამდე კი მთავრობის მიერ მიღებულ ამ გადაწყვეტილებას, ძალაში შესვლამდე მოყვა ხალხმრავლობა და რიგებიც კი სასურსათო მაღაზიებთან და აფთიაქებთან მოსახლეობა პირველადი მოხმარების საგნების მომარაგებას ცდილობდა. ვისაც ამისთვის თანხა აქვს, თორემ ვინც უმუშევარი დარჩა და თვითდასაქმებული იყო, მათი რიცხვი დღეს კიდევ ათასობით გაიზარდა. გაჩერდნენ ტაქსებიც.
21 აპრილამდე სპეციალური საშვის მქონე სატრანსპორტო საშუალებების გარდა, გაჩერებულია ავტომობილებით მოძრაობა აკრძალულია ყველასთვის, ასეთი საშვები კი მთავრობის მტკიცებით, მხოლოდ სამსახურეობრივი აუცილებლობიდან გამომდინარე გაიცა. გაირკვა, რომ მსგავსი საშვები ხელისუფლებამ მისცა სასულიერო პირებსაც, რომელთა მოწოდებები ახლა კორონავირუსის გავრცელების ყველაზე დიდ საფრთხეს შეიცავს. მოქალაქეებს, მათ შორის, გადაუდებელი საჭიროების მქონე პაციენტებს კი დღეს უკვე კილომეტრების ფეხით გავლა მოუხდათ.
დღეიდან, საგანგებო მდგომარეობის დასრულებამდე, მანქანებით გადაადგილება დღისითაც აკრძალულია. გამონაკლისია მხოლოდ სპეციალური საშვის მქონე მძღოლები, რომლებმაც ეს ნებართვები სახელმწიფოსგან სამსახურეობრივი აუცილებლობიდან გამომდინარე მიიღეს. ამ ახალი შეზღუდვის ამოქმედებიდან მალევე, თბილისის ქუჩებში მოქალაქეები ალტერნატიული ტრანსპორტით გამოჩნდნენ - ველოსიპედებით, სკუტერებით და მოტოციკლეტებით. ნაწილს კი კილომეტრების გავლა ფეხით მოუწია.
დღეიდან უმუშევრად დარჩენილი ადამიანების რიცხვს კიდევ ასობით მოქალაქე შეემატა. საქართველოში საგანგებო მდგომარეობის დასრულებამდე, ტაქსით ვეღარ იმგზავრებთ, რადგან ახალი აკრძალვა ეხებათ ტაქსის მძღოლებსაც, რომლებმაც ბოლო მგზავრები დანიშნულების ადგილზე დღეს 12 საათამდე მიიყვანეს და სახლში წავიდნენ.
ახალმა აკრძალვამ, რომლის შესახებაც მთავრობამ მოსახლეობა გუშინ ღამით გააფრთხილა, დღეს დილიდან მოქალაქეების ნაწილში პანიკა გამოიწვია. სანამ დღის 12 საათამდე, საავტომობილო მოძრაობა გაჩერდებოდა, ქალაქებსა და მუნიციპალურ ცენტრებში მოძრაობა გადაიტვირთა. ხალხმრავლობა იყო ძირითადად სავაჭრო ობიექტებთან, სადაც მოქალაქეები ავტომობილებით სურსათს იმარაგებდნენ. საათიანი რიგების გამო, სოციალური დისტანცია ბევრგან დაირღვა.
აკრძალვის ამოქმედებამდე, პროდუქტის მომარაგებას ცდილობდნენ სოფლებში მცხოვრები ადამიანებიც. იმის გამო, რომ ყველა სოფელში სურსათის მაღაზია და აფთიაქი არ არის, მარაგის საყიდლად რაიონულ ცენტრებში ჩავიდნენ. ამიტომ თითქმის ყველა მუნიციპალურ ცენტრში საცობები და ხალხმრავლობა იყო. ეს კადრები, მაგალითად, მარტვილში, აკრძალვის ამოქმედებამდეა გადაღებული.
ავტომობილებით გადაადგილება აკრძალულია საგანგებო მდგომარეობის მოქმედების პირველ ვადამდე - 21 აპრილამდე. ამ პერიოდის განმავლობაში, დღის საათებში გადაადგილება დასაშვებია ფეხით, ველოსიპედით, მოტოციკლეტით ან სკუტერით. მოქალაქეების ნაწილმა ალტერნატიულ ტრანსპორტად დღეს ცხენიც გამოიყენა.
მოქალაქეებს, რომელთაც შორ მანძილზე გადაადგილება ჯანმრთელობის პრობლემების, მაგალითად გეგმიური ქიმიოთერაპიის ან დიალიზის გამო უწევთ, უნდა მიმართონ კლინიკას, რომელიც პაციენტისთვის სპეციალურ დოკუმენტს გასცემს. გადაადგილების სპეციალური ნებართვები მოქალაქეებმა უნდა გამოიყენონ მხოლოდ კონკრეტული მიზნისა და მარშრუტისთვის. დღეიდან აკრძალულია სასაფლაოებზე მისვლაც. გამონაკლისია დაკრძალვა. ეს აკრძალვები წინასააღდგომოდ შესაძლოა კიდევ უფრო გამკაცრდეს. ხელისუფლება საყოველთაო კარანტინის გეგმაზე მუშაობს.