logo
ENG



მოწვეული გეოლოგის თქმით, ლისის მეწყერი, შესაძლოა, მასშტაბური მეწყრის საწყისი ეტაპია

23 მარ 202117:32
3 წუთის საკითხავი
 
2021/03/23/jev0whyk5w78iba.png

მაჭავარიანის ქუჩაზე მეწყრული პროცესების შედეგად მოწყვეტილი ლისის ფერდობის შესასწავლად მერიის მიერ მოწვეულმა გერმანელმა გეოლოგ-ინჟინერმა,  პეტერ ნიუმანმა მერიაში გამართულ ბრიფინგზე მეწყრის ტერიტორიაზე არსებულ მდგომარეობის შესახებ განაცხადა, რომ შესაძლოა, მასშტაბური მეწყრის საწყის ეტაპთან გვქონდეს საქმე - ნიუმანი, კოლეგებთან ერთად, ტერიტორიას გუშინ 2 საათის განმავლობაში ათვალიერებდა. 

"უსაფრთხოების ზომები, რომლებიც უკვე მიღებულია, არის აბსოლუტურად სწორი, კერძოდ, გზის დაკეტვა და შეზღუდვის დაწესება არის მართებული. ეს არის საწყისი ეტაპი შესაძლო მასშტაბური მეწყერისა

უნდა მივიღოთ პირველადი ზომები, როგორიცაა: გასამაგრებელი სამუშაოები, დრენაჟები და მონიტორინგი. უნდა შევინარჩუნოთ ყურადღება, დავეყრდნოთ შესაბამის გეოლოგიურ კვლევებს და ამის შემდეგ გადავდგათ შემდგომი ნაბიჯები", - განაცხადა ნიუმანმა. 

გერმანელი გეოლოგ-ინჟინერი განმარტავს, რომ მეწყრის ტერიტორიაზე განვითარებული პროცესი კომპლექსურია და მისი გადაჭრაც მრავალგვარ მიდგომას საჭიროებს.  

"საკითხი არის საკმაოდ კომპლექსური, რომლის ერთი, კონკრეტული გადაჭრის გზა არ არსებობს", - განაცხადა ნიუმანმა, - "პირველ რიგში, უნდა მოხდეს მიმდინარე პროცესის იდენტიფიცირება და შემდეგ მივიღოთ შესაბამისი ზომები". 

თბილისში, ვაშლიჯვრისა და ნუცუბიძის დამაკავშირებელ გზასთან მეწყრული პროცესების დაწყებაზე ცნობილი 18 მარტს გახდა. თუმცა, ფორმულას ინფორმაციით, თბილისის მერია მეწყრული პროცესების შესახებ სექტემბერშივე იყო ინფორმირებული. ხოლო ნაპრალების გაჩენის შესახებ თბილისის მერს 1 მარტს ჰქონდა ინფორმაცია.

ფერდობზე ნაპრალების ამსახველი ფოტო ინტერნეტით, Forum.ge-ზე გავრცელდა. ამის მიუხედავად, ადგილზე მძიმე ტექნიკის გამოყენებით გზის დაგების სამუშაოები ისევ გრძელდება. 

რა ხდება ფერდობის მიმდებარე ტერიტორიაზე სრულად იხილეთ აქ.


close დახურვა