საოკუპაციო ხაზთან მდებარე მოხუცთა თავშესაფრის ბენეფიციარების ვაქცინაცია დაიწყო. ისინი მას შემდეგ აცრეს, რაც მედიამ გააშუქა, რომ რამდენიმე თვიანი მოთხოვნის მიუხედავად, ხანდაზმულებს არ ცრიდნენ.
მას შემდეგ, რაც ფორმულა თავშესაფარში მივიდა და საკითხით დაინტერესდა, დირექტორს დაუკავშირდნენ და უთხრეს, რომ ვაქცინაციას დღეს დაიწყებდნენ.
ფორმულასთან საუბრისას დირექტორი ლუდა სალია ამბობდა, რომ მან ყველა საჭირო დოკუმენტი შეაგროვა, თუმცა დაპირების მიუხედავად, ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები თავშესაფარში არ მისულან.
"თითქმის ხუთი თვეა დარეგისტრირებული ვარ, ჯანდაცვის სამინისტროს შესაბამისმა სამსახურებმა დამირეკეს, პროტოკოლი ასეთია, რომ უნდა იკითხო, უნდათ თუ არა აცრაო. აბსოლუტურად ყველაფერი მოვაგვარე, სია ჩამოვწერე. ახლა უკვე ძალიან რომ შემოგვიტია პანდემიამ, ძალიან შეშინებული ვარ. ეტყობა თავს ვერ აბამენ. დღემდე ვერ მოვიდნენ", - ამბობდა სალია.