ხელისუფლების რამდენჯერმე დაანონსებული თარიღის მიუხედავად რეგულარული ფრენების აღდგენა დღის წესრიგში არ დგას. საქართველოს ცა ისევ ჩაკეტილია.
ბოლო მონაცემებით, რეგულარული ავიარეისები 30 სექტემბრიდან უნდა აღდგეს, თუმცა ოპოზიციას ხელისუფლების ამ დაპირების იმედი არ აქვს. ხელისუფლების ოპონენტები ფიქრობენ, რომ საზღვრების გახსნის გაჭიანურებას პოლიტიკური სარჩული აქვს.
ხელისუფლების მხრიდან ფრენების აღდგენის გაჭიანურებასთან დაკავშირებით, დღეს ბრიფინგი შალვა ნათელაშვილმა გამართა, სადაც განაცხადა რომ გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვის არაკონსტიტუციურად ცნობისთვის, საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელს შეიტანს.
ოპოზიციას დღეს ეკონომიკის მინისტრმა უპასუხა. ნათია თურნავა ამბობს, რომ ხელისუფლებისთვის პრიორიტეტი მოსახლეობის ჯანმრთელობაა. მინისტრის თქმით, სხვადასხვა ქვეყანაში არსებულ ეპიდსიტუაციაზეა დამოკიდებული აღდგება თუ არა დამტებით რეგულარული ფრენები.
დღევანდელი მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ჯანდაცვის მინისტრმა არ გამორიცხა, რომ ფრენების აღდგენის თარიღმა შესაძლოა კვლავ გადაიწიოს. მთავრი არგუმენტი კვლავ ეპიდსიტუაციაა.
კორონავირუსის პანდემიის გამო, რეგულარული ფრენები მარტის ბოლოდან შეწყდა. ამ დროისათვის საქართველოდან ფრენები გერმანიასთან, საფრანგეთთან და ლატვიასთან სრულდება. სხვა ქვეყნებთან სრულდება მხოლოდ ჩარტერული რეისები, რომლებსაც ქვეყნებიდან საქართველოს მოქალაქეები ჩამოჰყავს.