ნამახვანჰესის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეები 16:00 საათზე მსვლელობას დაიწყებენ. ამის შესახებ აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, ვარლამ გოლეთიანმა განაცხადა.
მისი განმარტებით, აქციის მონაწილეები ელოდებოდნენ, დათანხმდებოდა თუ არა პარლამენტის თავმჯდომარე შეხვედრასთან დაკავშირებით აქციის მონაწილეების მიერ წამოყენებულ პირობებს, თუმცა როგორც გოლეთიანი ამბობს, მათ კახა კუჭავასგან პასუხი ვერ მიიღეს.
მისივე თქმით, ისინი სასტუმრო რედისონის გავლით მშრალი ხიდზე მივლენ, სადაც გზას გადაკეტავენ და საკუთარ პოზიციებს კიდევ ერთხელ დააფიქსირებენ.
"4 საათზე დავიწყებთ მსვლელობას, რედისონის გავლით თაბუკაშვილის ქუჩით. მშრალი ხიდის მიმართულებით. წინ გაგვიძღვება მანქანა, რომელზეც დამონტაჟებული იქნება შესაბამისი აპარატურა, რომ კომუნიკაცია დავამყაროთ ერთმანეთთან და გავყვეთ ამ მოძრაობას. მშრალი ხიდის მიმართულებით, სადაც გადაიკეტება მოძრაობა ჩვენგან, შევჩერდებით და მკაფიოდ ვიტყვით ჩვენს პოზიციებს", - განაცხადა გოლეთიანმა.
ვარლამ გოლეთიანის თქმით, პარლამენტის თავმჯდომარემ, კახა კუჭავამ ნამახვანჰესის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეებთან შეხვედრის სურვილი გამოთქვა.
აქციის მონაწილეები კუჭავას ორი პირობით შეხვდებოდნენ: თუ ის აქციის ყველა მონაწილეს პარლამენტის შენობის უკანა მხარეს შეხვდებოდა ან შეხვედრა გაიმართებოდა პარლამენტში მედიის თანდასწრებით.