logo
ENG



მსოფლიო დემოკრატიული კავშირი დასავლეთს მოუწოდებს, დაუწესოს სანქციები ბიძინა ივანიშვილს

29 ივნ 202214:51
3 წუთის საკითხავი
 
მსოფლიო დემოკრატიული კავშირი დასავლეთს მოუწოდებს, დაუწესოს სანქციები ბიძინა ივანიშვილს

მსოფლიოს დემოკრატიული კავშირმა (IDU) მიიღო რეზოლუცია, რომლითაც  ევროკავშირისა და დემოკრატიულ პარტნიორებს მოუწოდებს, რომ სანქციები დაუწესონ ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილს და მასთან დაკავშირებულ ადამიანებს, მათ შორის მოსამართლეებსა და პროკურორებს.

IDU-მ რეზოლუცია დღეს, კავშირის შეხვედრაზე მიიღო. კავშირი საქართველოს ხელისუფლებას ასევე მოუწოდებს დაუყოვნებლივ გაათავისუფლონ ნიკა გვარამია და ყოფილი პრეზიდენტი სააკაშვილი საზღვარგარეთ გადაიყვანონ სამკურნალოდ.

მსოფლიოს დემოკრატიული კავშირი აცხადებს, რომ წუხს რომ საქართველომ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი ვერ მიიღო. მათი თქმით, ისევე როგორც ევროკომისიამ აღნიშნა, საქართველო რამდენიმე გამოწვევის წინაშეა, რაც ქვეყნის ევროინტეგრაციას უშლის ხელს და დეოლიგარქიზაცია არის უმთავრესი პრიორიტეტი, რომლის გადაჭრისკენაც საქართველოს ევროკომისიამ მოუწოდა.

„გასული 10 წლის განმავლობაში ოლიგარქიული მმართველობა, რომელმაც შედეგად მოიტანა ძალაუფლების აღრევა, სახელმწიფო ინსტიტუტების რღვევა, ოპოზიციისა და კრიტიკული მედიის წინააღმდეგ პოლიტიკური დევნა და საბოლოოდ სახელმწიფოს ხელში ჩაგდება, ხელს უშლის საქართველოს მოსახლეობის ძლიერ და გულწრფელ  მისწრაფებებს თავისუფლებისა და ევროპული მომავლისადმი“ - წერია განცხადებაში

IDU-ს რეზოლუციაში ნათქვამია, რომ ყოფილი პრეზიდენტი სააკაშვილის დაპატიმრება და მისდამი არასათანადო მოპყრობა, ისევე როგორც მნიშვნელოვანი კრიტიკული მედიის მენეჯერის, ნიკა გვარამიას დაპატიმრება არის იმის მკაფიო დემონსტრაცია, რომ საქართველოს ხელისუფლება არ ასრულებს დემოკრატიული სტანდარტების დაცვის ვალდებულებას.

"იმედგამაცრუებელია იმის ნახვა, რომ საქართველო, რომელიც დემოკრატიულ რეფორმების კუთხით, ოდესღაც აღმოსავლეთ პარტნიორობის ლიდერი იყო, ახლა ვერ აკმაყოფილებს ევროპულ გზაზე შემდგომი წინსვლისთვის საჭირო კრიტერიუმებს. ტენდენცია განსაკუთრებით შემაშფოთებელია ამჟამინდელი გეოპოლიტიკური გარემოებებისა და უკრაინაში მიმდინარე რუსული აგრესიის კონტექსტში, მაშინ როცა საქართველოს ხელისუფლებამ  ქვეყნის დემოკრატიული დღის წესრიგის გვერდზე გაწევა აირჩია  და ავტორიტარულ და ანტიდასავლურ გზას დაადგა“ - წერია რეზოლუციაშია.

აქედან გამომდინარე, მსოფლიოს დემოკრატიული კავშირი:

  • მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, რომ პატივი სცეს ქართველი ხალხის ევროპულ მისწრაფებებს და გადადგას მყისიერი ნაბიჯები დემოკრატიული რეფორმების განხორციელების კუთხით, როგორც ეს ევროკომისიის რეკომენდაციაშია;
  • მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, რომ დაუყოვნებლივ მიიღონ ზომები, რათა ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა ადეკვატური სამედიცინო მკურნალობა მიიღოს და ის სრული გამოჯანმრთელებისთვის საზღვარგარეთ გადაიყვანონ;
  • მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, გაათავისუფლონ ნიკა გვარამია, ვისი დაპატიმრება და გასამართლებას უსამართლო და უსაფუძვლოა;
  • ევროკავშირსა და დემოკრატიულ პარტნიორებს მოუწოდებს დაუწესონ პერსონალური სანქციები საქართველოს არაფორმალურ მმართველს, ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილს და მის გარემოცვას, ისევე როგორც მოსამართლეებსა და პროკურორებს, ვინც აძლიერებენ ოლიგარქიულ მმართველობას სასამართლო და საპროკურორო ინსტიტუციების პოლიტიკურ, ეკონომიკურ და საჯარო ცხოვრებაზე გადაჭარბებული გავლენის ქონისთვის საჭირო რეპრესიული მექანიზმის ინსტრუმენტალიზაციის გზით.

მსოფლიოს დემოკრატიული კავშირი არის მემარჯვენე ცენტრისტული პოლიტიკური პარტიების საერთაშორისო ალიანსი, რომელიც 84 წევრს მოიცავს 65 ქვეყნიდან. IDU-სთან აფილირებულია 6 რეგიონული ორგანიზაციაც, მათ შორისაა ევროპის სახალხო პარტიაც (EPP).

 

close დახურვა