მსოფლიოში ახალი კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობამ 47 ათასს გადააჭარბა. დაინფიცირებულია 937 ათასი ადამიანი, 194 ათასზე მეტი კი გამოჯანმრთელდა.
ევროპაში ყველაზე მძიმე სურათი კვლავ იტალიაშია. გარდაცვლილთა რეკორდული მაჩვენებელია ესპანეთშიც, სადაც ლეტალურმა შემთხვევებმა 9 ათასს გადააჭარბა.
ათასი ადამიანი გადაიყვანეს გუამის სანაპიროზე ამერიკული ავიამზიდი თეოდორ რუზველტიდან. ბორტზე სამხედროებს შორის დაავადების შემდეგ პერსონალის მასობრივი ტესტირებაა დაწყებული.
ავიამზიდი "რუზველტი" პორტში არ ბრუნდება - გადაწყვეტილების შესახებ განცხადება პენტაგონში გააკეთეს. მიუხედავად იმისა, რომ კორონავირუსი ბორტზე ეკიპაჟის 93 წევრს დაუდასტურდა, ხომალდი მოვალეობის შესრულებას აგრძელებს, ბორტს კი მხოლოდ ეკიპაჟის ნაწილი დატოვებს.
ამ დროისთვის ტესტი ეკიპაჟის წევრების ნაწილს ჩაუტარდა. ბორტი უკვე დატოვა ათასმა ადამიანმა . ისინი გუამის ბაზაზე განთავსდებიან. ხომალდს მალე კიდევ 2700 ადამიანი დატოვებს, თუმცა ერთი პირობით - ისინი საგანგებოდ მათთვის გამოყოფილ ოთახებში დარჩებიან და ადგილობრივებთან არ იკონტაქტებენ.
ამერიკის შეერთებულ შტატებში კი დაავადებულთა რაოდენობამ უკვე 215 ათასს გადააჭარბა. 5 ათასზე მეტი გარდაცვლილია. ღამის განმავლობაში ქვეყანაში 884 გარდაცვალების შემთხვევა დაფიქსირდა. ეპიცენტრად კვლავ ნიუ-იორკი რჩება. შტატის გუბერნატორი ამბობს, რომ კულმინაციას ამ კვირაში ელიან.
რამდენიმე შტატში უკვე იწურება თავდაცვის საშუალებების მარაგი. კალიფორნიაში აქცია მედდებმა მოაწყეს, რომლებიც საავადმყოფოების ხელთათმანებითა და პირბადეებით მომარაგებას ითხოვენ. საველე საავადმყოფოები ეწყობა სტადიონებსა და მოედნებზე. საველე საავადმყოფოები ეწყობა ესპანეთის ბიბლიოთეკებშიც, სადაც ბოლო 24 საათის განმავლობაში გარდაცვალების ყველაზე მეტი - 860 შემთხვევა დაფიქსირდა. მსხვერპლის რაოდენობამ 500-ს გადააჭარბა საფრანგეთში. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია მსხვერპლის ზრდაზე საუბრობს.