logo
ENG



მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 800 ათასს გადააჭარბა

31 მარ 202020:41
3 წუთის საკითხავი
 

მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 809,608-მდე გაიზარდა. ბოლო მონაცემებით, ინფიცირებულთა უმრავლესობა, 165 ათასზე მეტი ადამიანი აშშ-შია. უცვლელია ინფიცირებულთა რაოდენობით ქვეყნების სამეული - აშშ, იტალია და ესპანეთი.

შეერთებული შტატების ყოველი 4 მოქალაქიდან სამს გადაადგილება ეზღუდება. იმ 32 შტატს, სადაც მოსახლეობას სახლებში დარჩენა ევალებათ, მერილენდი, ვირჯინია, არიზონა და ტენესი შეუერთდა.

რუსეთში ვირუსით დაღუპულთა ოფიციალური რიცხვი 17-მდე გაიზარდა, თვითიზოლაციის რეჟიმი ქვეყნის 30-ზე მეტ რეგიონშია გამოცხადებული. კარანტინის წესების დამრღვევებისთვის ხელისუფლებამ სასჯელი გაამაკაცრა. მათ, ვინც წესებს არ დაემორჩილება ან ყალბ ინფორმაციას გაავრცელებს, მილიონობით რუბლის ოდენობის ჯარიმასთან ერთად შესაძლო 7 წლიანი პატიმრობაც დაემუქროს. 

კორონავირუსის შედეგად დაღუპულთა ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი იტალიის მასშტაბით მიაგეს. გლოვის ნიშნად ქვეყნის ყველა ქალაქში სამთავრობო შენობებზე სახელმწიფო დროშები დაუშვეს. იტალიაში ინფიცირების ახალი შემთხვევების რაოდენობამ მკვეთრად დაიკლო, თუმცა გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა უკვე 11 ათას 500-ს აჭარბებს, მათ შორის 66 ექიმია. საყოველთაო კარანტინი ქვეყანაში აღდგომის დღესასწაულამდე გაახანგრძლივეს.

ყინულის მოედნის შემდეგ, მადრიდში რიგით მეორე დროებით პროზექტურას აწყობენ. ბოლო 24 საათში ქვეყანაში სიკვდილიანობის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა. ერთ დღეში ვირუსის შედეგად 849 ადამიანი დაიღუპა.

12 წლის ბელგიელი გოგონა ყველაზე პატარა პაციენტი გახდა, რომელიც კოვიდ 19-ს ევროპაში ემსხვერპლა. ნიღბებისა და სასუნთქი აპარატების შიდა წარმოების გაზრდას იწყებს საფრანგეთი. ერთ-ერთ ქარხანას პრეზიდენტი მაკრონი ესტუმრა და განაცხადა, რომ ქვეყანას ყოველკვირეულად 40 მილიონი ნიღაბი სჭირდება.

პანდემიამ უპრეცედენტო ზარალი მიაყენა ავიაკომპანიებსაც. მსოფლიოს მასშტაბით 2 მილიონი ავიარეისი გაუქმდა,  ავიაინდუსტრიისთვის დანაკარგი 2020 წელს სავარაუდოდ 250 მილიარდ დოლარზე მეტი იქნება.


close დახურვა