მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვმა 2 მილიონს გადააჭარბა. დაღუპულთა რაოდენობა 126 ათას 753-მდე გაიზარდა. ხოლო 484 ათასზე მეტი გამოჯანმრთელდა.
შეერთებულ შტატებში, სადაც ყველაზე რთული ვითარებაა, ერთი დღის განმავლობაში ვირუსს 2 353 ადამიანი ემსხვერპლა, დაღუპულთა საერთო რაოდენობამ კი 26 ათას გადააჭარბა. ამერიკის ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის დირექტორის, ენტონი ფაუჩის თქმით, უახლოეს მომავალში ქვეყნის გახსნის და ეკონომიკური საქმიანობის განახლების შესახებ განცხადებები, ზედმეტად ოპტიმისტურია.
იტალიაში სიკვდილიანობის მაჩვენებელი კვლავ გაიზარდა, თუმცა შემცირებულია ინფიცირების ახალი შემთხვევების რაოდენობა. გასული დღე-ღამის განმავლობაში ქვეყნის მასშტაბით კოვიდ-19-ს 602 ადამიანი ემსხვერპლა. დაღუპულთა საერთო რაოდენობა კი 21 ათასს აჭარბებს.
საფრანგეთი გახდა მსოფლიოში მეოთხე ქვეყანა შეერთებული შტატების, იტალიისა და ესპანეთის შემდეგ, სადაც COVID-19 ით გამოწვეული პნევმონიის შედეგად 15 ათასზე მეტი ადამიანი დაიღუპა. ბოლო ერთი დღის განმავლობაში, ვირუსს 762 ადამიანი ემსხვერპლა. ინფიცირებულთა რაოდენობამ კი 143 ათასს გადააჭარბა.
გასული დღის განმავლობაში 778-ით გაიზარდა დაღუპულთა რიცხვი დიდ ბრიტანეთში. დაღუპულთა რაოდენობა აქ 12 ათასს აჭარბებს.
ინფიცირების ახალი შემთხვევების რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა რუსეთში. გასული დღის განმავლობაში ვირუსი 2 774 ადამიანს დაუდასტურდა. რუსული მედია რუსეთის ჯარში კორონავირუსის პირველი შემთხვევების შესახებ ავრცელებს ინფორმაციას. კოვიდ-19 სამ სამხედრო მოსამსახურეს დაუდასტურდა, 130-ზე მეტი ჯარისკაცი მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება. ოფიციალური მონაცემებით დაღუპულთა რაოდენობა რუსეთში 170-მდე გაიზარდა.