logo
ENG



მსხილაძე იმპიჩმენტზე: ეს არის პრეზიდენტის აქტივობის შეზღუდვა ან მისი პოლიტიკური შევიწროება

05 სექ 202314:53
3 წუთის საკითხავი
 
2023/09/05/c7w6rxkckdql1ij.png

პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი, გიორგი მსხილაძე მმართველი პარტიის მიერ პრეზიდენტისთვის იმპიჩმენტის გამოცხადების პროცედურის დაწყებას ეხმაურება და აცხადებს, რომ ეს სალომე ზურაბიშვილის აქტივობების შეზღუდვას ემსახურება. ამის შესახებ მან დღეს ჟურნალისტებთან ისაუბრა.

"ეს ტექნიკური საკითხები, რომელიც წამოიწყო უმრავლესობამ და ქართულმა ოცნებამ ერთადერთ რამეს შეიძლება ემსახურებოდეს - ეს არის პრეზიდენტის აქტივობის შეზღუდვა ან მისი პოლიტიკური შევიწროება. იმპიჩმენტის პროცედურაც არის საკმაოდ გაწერილი, ამიტომ, მოვლენების განვითარებას დაველოდებით", - განაცხადა მან.

გუშინ, ქართული ოცნების აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ ბრიფიგზე განაცხადა, რომ ზურაბიშვილის წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცედურის დასაწყებად საჭირო დოკუმენტების მომზადება ოთხშაბათმდე დასრულდება.

ქართული ოცნება პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცედურას იწყებს. გადაწყვეტილება პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომაზე მიიღეს. ქართული ოცნების თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის თქმით, ზურაბიშვილი მთავრობის უარის მიუხედავად მაინც გაემგზავრა ევროპაში, რითაც "უხეშად დაარღვია კონსტიტუცია".

კობახიძემ აღნიშნა ისიც, რომ ამ პროცედურის ბოლომდე მისაყვანად საჭიროა 100 პარლამენტარის, მათ შორის ოპოზიციის წევრების ხმებიც, რის გამოც იმპიჩმენტის სისრულეში მოყვანა შეუძლებელია, თუმცა, მანვე განმარტა, რომ ამის მიუხედავად პროცედურის დაწყების გადაწყვეტილება მაინც მიიღეს.

30 აგვისტოს, პრეზიდენტის ადმინისტრაციამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ზურაბიშვილი საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების მხარდასაჭერად ევროპელ ლიდერებთან შეხვედრებს გამართავდა.

მოგვიანებით, საქართველოს მთავრობამ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ევროპაში ვიზიტის პარალელურად განცხადება გამოაქვეყნა და აღნიშნა, რომ მას ყველა მოთხოვნილ ვიზიტზე უარი უთხრეს, მათ შორის, უკრაინაში.


close დახურვა