დედაქალაქის მერის კახა კალაძის ინფორმაციით, თბილისის მუნიციპალური ინსპექციის ხელმძღვანელის თანამდებობას ლევან ჯღარკავა დაიკავებს. კალაძის თქმით, მუნიციპალური ინსპექციის უფროსის თანამდებობა გიორგი ბაგრატიონმა დატოვა, რომელიც ამჟამად, დაცვის პოლიციას ხელმძღვანელობს.
"გვაქვს საკადრო ცვლილებები. მუნიციპალური ინსპექციის უფროსის თანამდებობა გიორგი ბაგრატიონმა დატოვა და მინდა, აღნიშნული სამსახურის ხელმძღვანელის პოსტზე "თბილსერვის ჯგუფის" აწ უკვე ყოფილი ხელმძღვანელის, ლევან ჯღარკავას კანდიდატურა წარმოგიდგინოთ. ლევან ჯღარკავა ეფექტიანი მენეჯერი და თავისი საქმის პროფესიონალია. მან ეს ჩვენ გვაჩვენა, როდესაც ის „თბილსერვისს“ ხელმძღვანელობდა. ძალიან ბევრი და მნიშვნელოვანი პროექტი განვახორციელეთ ერთად და მინდა, ამ მნიშვნელოვან თანამდებობაზე, მას წარმატებები ვუსურვო," - განაცხადა კახა კალაძემ.
რაც შეეხება "თბილსერვის ჯგუფს", მერის განცხადებით, აღნიშნული სამსახურის ხელმძღვანელად საკრებულოს დასამტკიცებლად, რომეო მიქაუტაძის კანდიდატურა წარედგინება.
„რომეო მიქაუტაძესთან ჩვენ წლების განმავლობაში, თანამშრომლობის დიდი გამოცდილება გვაქვს. როდესაც ჯერ კიდევ ენერგეტიკის მინისტრი ვიყავი, მაშინ ის „საქრუსენერგოს“ ხელმძღვანელის პოზიციას იკავებდა და ქვეყნისთვის მართლაც ბევრი სასიკეთო პროექტი იქნა განხორციელებული, რაც ახალი ელექტროგადამცემი ხაზების, ქვესადგურების, ჰიდრო და თბოელექტროსადგურების მშენებლობას, ასევე, ქარის ელექტროსადგურის პროექტის განხორციელებას გულისხმობს. მინდა, წარმატებები ვუსურვო მას და დარწმუნებული ვარ, ერთიანი ძალისხმევით შევძლებთ, ღირსეულად ვუპასუხოთ ყველა იმ გამოწვევას, რომელიც ზოგადად აწუხებს ჩვენს ქალაქს,“ - აღნიშნა კალაძემ.