logo
ENG



მურადაშვილი ვაკის პარკის ტრაგედიაზე: 100-მდე პირია დაკითხული, გამოძიება გრძელდება

14 ოქტ 202221:08
3 წუთის საკითხავი
 
2022/10/14/royvis4rcj3bwz8.png

ვაკე-საბურთალოს პოლიციის უფროსის მოადგილე კახა მურადაშვილი ამბობს, რომ ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის საქმეზე, ამ დროისთვის 100-მდე პირია დაკითხული.

მურადაშვილი ამბობს, რომ გამოძიება უწყვეტ რიჟემში მიმდინარეობს და დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები.

"გამოძიების დაწყებისთანავე შემთხვევის ადგილზე ჩატარდა ყველა საჭირო საგამოძიებო მოქმედებები, რომელშიც მონაწილეობდნენ როგორც შსს-ს ისე სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს ექსპერტები. დაიკითხნენ სამუშაოს შემსრულებელი კომპანიის წარმომადგენლები, ასევე თბილისის საქალაქო სამსახურის წარმომადგენლები, სკოლის დირექტორი, მანდატურები, პედაგოგები და ყველა ვინც შეესწრო მომხდარს. დაინიშნა ყველა საჭირო ექსპერტიზა. დაახლოებით 100-მდე პირია ამ ეტაპზე დაკითხული. გამოძიება სწავლობს ყველა დოკუმენტაციას, რომელიც ამოღებულ იქნა შემსრულებელი კომპანიის და თბილისის საქალაქო სამსახურიდან", - თქვა მურადაშვილმა.

***

გუშინ, ვაკის პარკის შადრევანში 3 ბავშვს დენმა დაარტყა. როგორც თვითმხილველები ჰყვებიან, ისინი შადრევანში ბურთის ამოსაღებად იყვნენ ჩასულები. ერთ-ერთი ბავშვი, 13 წლის მარიტა მეფარიშვილი საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა. რაც შეეხება კიდევ ორ მოზარდს, ერთ-ერთი დღეს საავადმყოფოდან გაწერეს, ხოლო მეორე ბავშვის მდგომარეობა გაუმჯობესდა და ის მართვითი სუნთქვიდან მოხსნეს. 

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ელექტრო- ან თბოენერგიის, გაზის, ნავთობის ან ნავთობპროდუქტების ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის მძიმე ან ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.

მერიის განცხადებით, 12 ოქტომბერს ვაკის პარკში არსებული მცირე კასკადისა და მრგვალი შადრევნის რეაბილიტაცია დასრულდა.

თბილისის მერმა კახა კალაძემ ნიუ ჰოსპიტალში ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ "გამოძიება ყველაფერს დაადგენს და ვისაც დანაშაული მიუძღვის ყველა აუცილებლად აგებს პასუხს, მათ შორის მეც თუ მაქვს რაიმე დანაშაული მზად ვარ, კანონის წინაშე ვაგო პასუხი."

გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსი გიგა გიგაშვილი ვაკის პარკში მომხდარ ტრაგედიას ეხმაურება და აღნიშნავს, რომ შადრევანს ექსპერტიზა ჩაუტარდება, ხოლო გამოძიება მომხდარის დეტალებს დაადგენს. გიგაშვილის თქმით, შადრევანი იყო შემოწმებული და მას ხარვეზი არ ჰქონდა, წინააღმდეგ შემთხვევაში ექსპლუატაციაში არ შევიდოდა.


close დახურვა