logo
ENG



მურუსიძე სანქციებზე: ვფიქრობ, ამაზე არ შეჩერდებიან და შეიძლება სიცოცხლის მოსპობაზეც წავიდნენ

06 აპრ 202315:47
3 წუთის საკითხავი
 

მოსამართლე ლევან მურუსიძე ამბობს, რომ აშშ-ის სანქციებმა თავის მიზანს შეიძლება ვერ მიაღწიოს და შეიძლება "სიცოცხლის მოსპობაზეც წავიდნენ". ამის შესახებ ლევან მურუსიძემ, რომელიც სახელმწიფო დეპარტამენტის მხრიდან ერთ-ერთი სანქცირებული მოსამართლეა, იუსტიციის უმაღლეს საბჭოზე განაცხადა.

მურუსიძე ამტკიცებს, რომ აშშ-ის საელჩოს სასამართლო ხელისუფლების ხელში ჩაგდება სურს და თავს ესხმის ელჩ კელი დეგნანს.

"ეს არის გათვლილი, არასამთავრობო ორგანიზაციებში არის ჟივილ-ყივილი, რომ სასამართლო სისტემაში წავა დაპირისპირება. გულწრფელად გითხრათ, იმდენმა მოსამართლემ გამოხატა მხარდაჭერა ჩემ მიმართ, მგონი ისე მიდის სიტუაცია, რომ ის მიზანი, რასაც ეს სანქციები ითვალისწინებდა, რომ სასამართლოში წავიდოდა არაჯანსაღი პროცესები, მოხდებოდა არეულობა და მოხდებოდა სასამართლოს დაქვემდებარება ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსადმი, მე მგონი, ეს ალბათ მეეჭვება მოხდეს, თუმცა ვფიქრობ, რომ ისინი ამაზე არ შეჩერდებიან და ვფიქრობ, რომ შეიძლება სიცოცხლის მოსპობაზეც წავიდნენ. იმდენად დიდი მიზანია მათი, რომ სასამართლო ხელისუფლება ხელში ჩაიგდონ, რომ ეს მიმდინარეობს წლების განმავლობაში და რაც ვერ მოახერხეს არასამთავრობო ორგანიზაციებმა, პარტიებმა, რომ ამოეწურათ იმედი და რომ მიხვდნენ, რომ ვერ მიაღწევდნენ მიზანს, საბოლოოდ ჯამში ვიმყოფებით... " - განაცხადა მურუსიძემ.

მისივე თქმით, მნიშვნელოვანი არაა, აშშ დაუწესებს სანქციებს თუ ევროკაშირის, ეს "ჩემი პირადი პრობლემა და ამას თავს გავართმევ".

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა კორუფციისთვის სანქციები დაუწესა მიხელ ჩინჩალაძეს, ლევან მურუსიძეს, ირაკლი შენგელიას და ვალერიან ცერცვაძეს. სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი აღნიშნავს, რომ მათ, როგორც სასამართლოს თავმჯდომარეებმა და იუსტიციის უმაღლესმა წევრებმა, ბოროტად გამოიყენეს საკუთარი თანამდებობები.

სანქცირებასთან დაკავშირებით აშშ აცხადებს, რომ ჰქონდათ სანდო ინფორმაცია, რის თანახმადაც, მოსამართლეები ბოროტად იყენებდნენ საჯარო თანამდებობას კორუფციულ გარიგებებში მონაწილეობით. მათი თქმით, ეს აზიანებდა სასამართლო და საჯარო პროცესს, მოსამართლეების მიმართ უკანონო სარგებლის შეთავაზებით ან ზეწოლით, რათა მიეღოთ მათი პოლიტიკური მოკავშირეების სასარგებლო გადაწყვეტილებები და ახდენდნენ მოსამართლეთა დანიშვნებით მანიპულირებას, პირადი სარგებლის მიღების მიზნით.

 


close დახურვა