სანქცირებული მოსამართლის ლევან მურუსიძის აზრით, ამერიკის შეერთებულ შტატების საელჩოს საქართველოში სასამართლო ხელისუფლების მისაკუთრება სურს. ეს მურუსიძემ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომაზე თქვა.
ის ირწმუნება, რომ კორუფციასთან დაკავშირებით "არანაირი მტკიცებულება არ არსებობს"
"აშშ-ის საელჩოს უნდა სასამართლო ხელისუფლების მისაკუთრება, ეს არის მესიჯი სასამართლო კორპუსის მიმართ. როგორც კელი დეგნანი იძახდა, რომ ეს გადაწყვეტილება არის უსამართლო და დაუსაბუთებელიო მრავალ გადაწყვეტილებაზე, მოსამართლეებს ეუბნებიან შემდეგს - ან მიიღებთ იმ გადაწყვეტილებას, რაც ჩვენთვისაა მისაღები, ან ისე მოგექცევით როგორც ვექცევით კონკრეტულ შემთხვევაში ლევან მურუსიძეს. ეს არის ზეწოლა., ვერაფრით ვიფიქრებდი იმას, რომ რეალურად, კორუფციის გამოწვეული ბრალდებით, რომელზე მტკიცებულება არ არსებობს და დედამიწის ზურგზე ვერავინ დაამტკიცებს, რომ კორუფციას აქვს ადგილი, აქედან გამომდინარე, რჩება ის, რომ ხდება მიტაცება. "- თქვა მურუსიძემ.
მურუსიძის მტკიცებით, კორუფციის ბრალდება "შირმაა", რომლითაც "გარკვეული მიზნის" მიღწევა სურთ.
"კორუფცია არის უბრალო შირმა, აპრობირებული მეთოდია, რომლითაც ხდება გარკვეული მიზნის მიღწევა. მოგახსენებთ, რა არის რეალური მიზეზი, რის გამოც მოსამართლეებზე კორუფციის დაბრალება მოხდა, რომელიც თითიდან გამოწოვილია. შესაბამისად, ვერ წარმოადგენენ ვერანაირ მტკიცებულებებს ამასთან დაკავშირებით.
რეალური მიზეზია სასამართლო ხელისუფლების ხელში ჩაგდება, რომელიც მცდელობებიც იყო დასაწყისში ჯერ არასამთავრობო სექტორის მეშვეობით, შემდგომ ამაში ჩაერთნენ პოლიტიკური პარტიები, შემდგომ საერთაშორისო ორგანიზაციები, რომლებიც მიზანმიმართულად წერდნენ სასამართლო კლანზე და ამზადებდნენ პოზიციებს, მაგრამ აღნიშნული შედეგი რომ ვერ იქნა მიღწეული და რომ ვერ მოხდა სასამართლოს ხელში ჩაგდება და მიტაცება, ვინაიდან საელჩოს ყოველთვის ჰქონდა მცდელობა, გაეკონტროლებინა სასამართლო სისტემა, შესაბამისად, მიიღეს ეს გადაწყვეტილება"- ამტკიცებს მურუსიძე.
მურუსიძე აშშ-ის საელჩოს წარმომადგენლებს სასამართლო სისტევაში ჩარევაში ადანაშაულებს და ირწმუნება, რომ "მტკიცებულებებიც აქვს".
"ჩემთან წლების განმავლობაში მოდიოდნენ აშშ-ის საელჩოს წარმომადგენლები და პირდაპირ მეუბნებოდნენ, რომ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მათთვის სასურველი იქნებოდა ყოფილიყო ესა და ის მოსამართლე. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ მიღებული ყოფილიყო ესა და ის გადაწყვეტილება, კონფერენცია ჩატარებულიყო ამა და ამ დღეს, ამის მტკიცებულებებიც მაქვს. შესაბამისად, როცა ამას საჭიროდ ჩავთვლი, როდესაც კონკრეტული ჩარევები ხდებოდა აშშ-ს მხრიდან, საჭიროების შემთხვევაში საზოგადოება ამასაც ნახავს"-
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა კორუფციისთვის სანქციები დაუწესა მიხელ ჩინჩალაძეს, ლევან მურუსიძეს, ირაკლი შენგელიას და ვალერიან ცერცვაძეს. სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი აღნიშნავს, რომ მათ, როგორც სასამართლოს თავმჯდომარეებმა და იუსტიციის უმაღლესმა წევრებმა, ბოროტად გამოიყენეს საკუთარი თანამდებობები.
სანქცირებასთან დაკავშირებით აშშ აცხადებს, რომ ჰქონდათ სანდო ინფორმაცია, რის თანახმადაც, მოსამართლეები ბოროტად იყენებდნენ საჯარო თანამდებობას კორუფციულ გარიგებებში მონაწილეობით. მათი თქმით, ეს აზიანებდა სასამართლო და საჯარო პროცესს, მოსამართლეების მიმართ უკანონო სარგებლის შეთავაზებით ან ზეწოლით, რათა მიეღოთ მათი პოლიტიკური მოკავშირეების სასარგებლო გადაწყვეტილებები და ახდენდნენ მოსამართლეთა დანიშვნებით მანიპულირებას, პირადი სარგებლის მიღების მიზნით.
ოპოზიციის და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები სასამართლო სისტემის პრობლემებზე მუდმივად საუბრობენ და მიუთითებენ, რომ არსებობს მოსამართლეთა ე.წ. კლანი, რომელთა წევრებად სწორედ აშშ-ის მიერ სანქცირებულ პირებს მოიაზრებენ. მათ არაერთხელ მოითხოვეს აღნიშნული მოსამართლეების პერსონალური სანქცირება.