logo
ENG



მუსლიმთა უმაღლესი სასულიერო სამმართველოს შეიხის გამოკითხვა დასრულდა

06 ივნ 202017:31
3 წუთის საკითხავი
 

სრულიად საქართველოს მუსლიმთა უმაღლესი სასულიერო სამმართველოს შეიხი სეიდ მირთაგი ასადოვის გამოკითხვა დასრულდა. საქმე ეხება უსაფრთხოების სამსახურის მიერ რასობრივი დისკრიმინაციის ფაქტზე დაწყებულ გამოძიებას.

შეიხის ინფორმაციით, უწყებაში მარნეულის რაიონთან დაკავშირებით დაუსვეს კითხვები, რაც, თავის მხრივ, ნარიმან ნარიმანოვის ძეგლის შესახებ  განვითარებულ მოვლენებს ეხებოდა. სეიდ მირთაგი აღნიშნავს, რომ საუბარი შეეხო მარნეულში კარანტინის დროს სიძულვილის ენის გამოყენებას ეთნიკურად ქართველი ჯგუფების მხრიდან, რომლის აღმოსაფხვრელად თავად შეიხი ატარებდა კამპანიებს.

სეიდ ასადოვი და მისი უფლებადამცველი საქმის დეტალებზე ვერ საუბრობენ, რადგან მათ გაუცემლობის ხელშეკრულებაზე მოაწერინეს ხელი.

"კითხვები იყო დაკავშირებული რეგიონთან, თუმცა გაუთქმელობაზე მაქვს ხელი მოწერილი. ნარიმან ნარიმანოვის თემაც არის კავშირში. კარანტინის დროს მარნეულში ვეხმარებოდით ხალხს ინფორმაციის მიწოდებასა და მატერიალური თვალსაზრისით. მოვუწოდებდით, რომ თანასწორობა და თანაბარი უფლებები იყოს მთავარი. თემის მიმართ იყო სიძულვილის ენა, რომელსაც ვგმობდით და მოვუწოდებდით აღმოსაფხვრელად. ეს სიძულვილის ენა გარკვეული ჯგუფების მხრიდან მომდინარეობდა, რომლებიც ქართველების სახელით მოქმედებდნენ. არ არის კონკრეტულ პიროვნებებზე საუბარი, ყველას მივვმართავ, ვისაც შუღლის ჩამოგდება სურს", - განაცხადა შეიხმა. 

ამ წუთებში კი დაკითხვაზე, "ახალი საქართველოს" წარმომადგენელი ფუად გაჰრანმანოვი იმყოფება.

"რადგან ვარ ახალი საქართველოს წარმომადგენელი მარნეულში, ვარ პოლიტიკოსი წინასაარჩევნო პერიოდში, ეს არის დაშინება და ზეწოლა. გუშინ დამირეკეს - ხვალ მოდი ნარიმანოვის ძეგლთან დაკავშირებითო. მე არ გამიკეთებია რადიკალური განცხადება ამ თემაზე", - აღნიშნა გაჰრანმანოვმა


close დახურვა