logo
ENG



მუშების თქმით, ჭავჭავაძის ქუჩაზე ფესვადაჭრილი ნაძვი წაქცევისგან დასაცავად ხეზე მიამაგრეს

01 ივლ 202020:37
3 წუთის საკითხავი
 

ფოლადის ბაგირით ხეზე მიბმული ნაძვი ჭავჭავაძის გამზირზე ფორმულამ გადაიღო. მოგვიანებით ადგილზე თბილსერვისის თანამშრომლები მივიდნენ და დაბმული ნაძვის მიმდებარედ სამი ბოძი დაამონტაჟეს და ხე ისევ თოკებით მიაბეს. განგვიმარტეს, რომ ამით ხეს წაქცევისგან იცავენ, მოჭრეს ტოტებიც. სავარაუდო მიზეზად, სარეაბილიტაციო სამუშაოები დაასახელეს და ხის ფესვებზე მიგვითითეს, რომელიც მათი თქმით, გადაჭრილია. ამავე მონაკვეთზე წაიქცა ჭადარი რამდენიმე დღის წინ, რა დროსაც ორი პირი და ავტომანქანა დაზიანდა. 

მერიაში განგვიცხადეს, რომ მონიტორინგის ჯგუფმა გადახრილი ხე გამოვლინდა და ნაძვი იქამდე იქნება მიბმული სანამ ფესვები არ გაძლიერდება.

"ჭავჭავაძის გამზირზე გარემოს დაცვის საქალაქო სამსახური, ბოტანიკური ბაღის ექსპერტებთან ერთად, ახორციელებს ხეების მონიტორინგს. მონიტორინგის შედეგად, გამოვლინდა ერთი ხე, რომელიც მცირედით არის გადახრილი. შესაბამისად, საფრთხის თავიდან აცილების მიზნით, სპეციალური სამაგრების მეშვეობით განხორციელდა ხის გამაგრების სამუშაოები. ხე გამაგრებული დარჩება იქამდე, სანამ ფესვები არ გაუძლიერდება", - ნათქვამია უწყების განცხადებაში.

სწორედ უსაფრთხოებაა საკითხი, რომელსაც დროში გაწელილი ჭავჭავაძის ერთ-ერთ პრობლემად ასახელებენ. ევროპული საქართველოს დეპუტატის, ირაკლი ინფორმაციით, მერიამ ჭავჭავაძეზე მოძრაობა ისე შეცვალა, რომ სატრანსპორტო ნაკადების კვლევა არ ჩაუტარებია, რაც ადგილზე სატრანსპორტო პრობლემებს უფრო მეტად დაამძიმებს.

კახა კალაძემ 26 მაისს თქვა, რომ "სამუშაოები ჭავჭავაძეზე ივნისის თვის ბოლოს დასრულდებოდა". ერთი თვის შემდეგ ჭავჭავაძის გამზირის პროექტი დაუსრულებელია, თუმცა ტრანსპორტი მოძრაობს, დახაზვის გარეშე, არ მოქმედებს მოძრაობის ახალი სქემა და ავტობუსები ძველი მარშრუტით გადაადგილდებიან, ჭკვიანი შუქნიშნებს ამონტაჟებენ, მომავალ კვირებში დახაზავენ ქუჩებსაც. დაუსრულებელი ანუ დაუხაზავი და მოუწესრიგებელი გზის გახსნა დაუშვებელია საქართველოს ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის ხელმძღვანელისთვის. დავით მესხიშვილი ვარაუდობს, რომ ახალ ჭავჭავაძის გამზირზე ბევრი "შავი წერტილი" გაჩნდება. ამის დასადასტურებლად კი გუშინ მომხდარი ავარია მოჰყავს, რაც დროსაც მანქანა ქუჩის შუაში დამონტაჟებულ ჩაბნელებულ გაჩერებაზე შევარდა.

თბილისის მერიაში ვიკითხეთ, სად არის კვლევა, გვითხრეს, რომ ის არსებობს ტრანსპორტის საქალაქო სამსახურში და საჯარო ინფორმაციის გამოთხოვა გვირჩიეს.

ფორმულა ამჯერად სატრანსპორტო ნაკადების კვლევას ელის მერიისგან, საჯარო ინფორმაციის სახით.


close დახურვა