logo
ENG



მუხთარლი: მინდა, რომ ჩემს საქმეს სერიოზულად მიუდგნენ, გახსნან

07 აპრ 202114:15
3 წუთის საკითხავი
 

აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხტარლის განცხადებით, თბილისში პროკურატურისთვის ჩვენების მისაცემად ჩამოვიდა და სურს, რომ მისი საქმე გაიხსნას. მუხთარლი გეგმავს, რომ ხვალ, 8 აპრილს მივიდეს პროკურატურაში. 

"მინდა, რომ მივცე ჩვენება, როგორ გადამიყვანეს აზერბაიჯანში. მსურს ვაჩვენო გზაც. თვითონ უნდა ჰქონოდათ სურვილი რომ ჩამოვსულიყავი თბილისში და მეჩვენებინა დანაშაულის ადგილი. ეს მათი მოვალეობაა. ერთი წელი გავატარე ციხეში და როცა გამომიშვეს, მაინც არ გამომკითხეს. 

მინდა, რომ ჩემს საქმეს სერიოზულად მიუდგნენ, გახსნან, თუმცა პროკურატურის დიდი მოლოდინი არ მაქვს. 

ხვალ მივალთ პროკურატურაში, მივცემთ ჩვენებას, ერთხელ იყო შემთხვევა, რომ გადმომიგზავნეს კითხვები და პასუხებიც გავეცი, თუმცა ეს არ იყო დაკითხვა", - ამბობს ის. 

8 აპრილს, 11:00 საათზე, აფგან მუხთარლი თბილისის ადამიანის უფლებათა სახლში პრესკონფერენციის გამართვას გეგმავს. 

 აფგან მუხთარლი საქართველოს პროკურატურისთვის ჩვენების მისაცემად ქვეყანაში შემოსვლას გასული წლის ოქტომბერშიც აპირებდა, თუმცა მაშინ თქვა, რომ საზღვრის გადაკვეთაზე უარი უთხრეს.

ამის გამო მუხთარლიმ ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ სტრასბურგის სასამართლოში სარჩელი შეიტანა. ჟურნალისტმა თქვა, რომ საქართველოს პროკურატურის მხრიდან მისი გატაცების ფაქტზე დამოუკიდებელი გამოძიებისთვის ხელის შეშლას მთავრობა მისი ჩამოსვლის თავიდან არიდებით ცდილობდა, რაც "ადასტურებდა იმას, რომ ქართული ოცნების ხელისუფლება თავად იყო მის გატაცებაში მონაწილე მხარე". 

ცნობისთვის, აფგან მუხთარლი საქართველოდან 2017 წლის 29 მაისს გაიტაცეს და აზერბაიჯანში 30 მაისს დააპატიმრეს. იგი საქართველოში აზერბაიჯანის ხელისუფლების მხრიდან კრიტიკული პოზიციის გამო განხორციელებულ დევნას გაურბოდა. აზერბაიჯანში დაპატიმრების შემდეგ მუხთარლის საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის, კონტრაბანდისა და ხელისუფლებისადმი დაუმორჩილებლობის ბრალდებით სასამართლომ 6-წლიანი პატიმრობა შეუფარდა.

სამწლიანი პატიმრობის შემდეგ 2020 წლის 17 მარტს აფგან მუხთარლი მოულოდნელად გაათავისუფლეს და სპეციალური რეისით გერმანიაში გადააფრინეს, სადაც 2019 წლიდან მისი მეუღლე და შვილი ცხოვრობენ.

საქართველოს პროკურატურა აფგან მუხთარლის გატაცების საქმეს 143-ე მუხლის პირველი ნაწილით (თავისუფლების უკანონოდ აღკვეთა) ფორმალურად დღემდე იძიებს.


close დახურვა