logo
ENG



მუხთარლი გომელაურისთვის უფლებამოსილების შეჩერებას ითხოვს

27 სექ 202217:26
3 წუთის საკითხავი
 

აზერბაიჯანელი ჟურნალისტი, აფგან მუხთარლი შინაგან საქმეთა მინისტრისთვის, ვახტანგ გომელაურისთვის უფლებამოსილების შეჩერებას ითხოვს. ჟურნალისტმა ამის შესახებ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მუხთარლის თქმით, პრემიერი ვალდებულია ჩამოაშოროს შინაგან საქმეთა მინისტრი თანამდებობას მანამ, ვიდრე მისი გატაცების საქმის გამოძიება არ დასრულდება. მან ისაუბრა სუს-ის ყოფილი მაღალჩინოსნის მიერ გასაჯაროვებულ ფაქტებზე და კონკრეტული პირების იდენტიფიცირებას ითხოვს. ამასთან, ის ამბობს, რომ თავადაც ჰქონდა ეჭვი და გოგაშვილმაც დაუდასტურა, რომ მისი გატაცება ივანიშვილის დავალების გარეშე ვერ განხორციელდებოდა.

"აზერბაიჯანში პირველივე განცხადებისას ვთქვი, რომ ჩემი გატაცების უკან იდგა ივანიშვილი. მაშინ პრემიერმინისტრი კვირიკაშვილი იყო, გამიტაცა კრიმინალურმა პოლიციამ, გადამცეს ლაგოდეხის საბაჟოსთან. ივანიშვილისა და კვირიკაშვილის ნებართვის გარეშე ეს არ მოხდებოდა. ბრძანება გაიცა უმაღლეს დონეზე," - თქვა აფგან მუხთარლიმ.

აფგან მუხთარლი სოსო გოგაშვილის მიერ გახმაურებულ ახალ ფაქტებზე სახელმწიფო უწყებებისგან რეაგირებას მოითხოვს. ის ასევე აპირებს ოფიციალურად მიმართოს საქართველოს პრემიერმინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს და მოითხოვოს შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის პოსტიდან გადაყენება. მუხთარლი თავის ადვოკატთან ერთად დღეს გენერალურ პროკურატურაშია დაბარებული.

აზერბაიჯანელი ჟურნალისტი, აფგან მუხთარლი, რომელიც ილჰამ ალიევის ოჯახის კორუფციულ სქემებს იძიებდა და ამის გამო იდევნებოდა, თავს ოჯახთან ერთად საქართველოს აფარებდა. 2-წლიანი ცხოვრების შემდეგ ის თბილისიდან 2017 წლის მაისში გაიტაცეს. 2 დღის შემდეგ გაირკვა, რომ მუხთარლი აზერბაიჯანში დაკავებული ჰყავდათ, მისი პასპორტი კი ცოლს, ლეილა მუსტაფაევას სახლში ჰქონდა. 

ქართულ მხარეს მომხდარი დღემდე არ გამოუძიებია. 2022 წლის 21 აპრილს მას დაზარალებულის სტატუსი მიენიჭა. 


close დახურვა