საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის თემურ მღებრიშვილის ცნობით, შოვში, სტიქიის ზონაში ნაპოვნი 15 ადამიანის ცხედრიდან 7 იდენტიფიცირებულია.
"ამ დროისთვის 7 ცხედარია იდენტიფიცირებული, თუმცა პროცესი გრძელდება და დღის ბოლომდე ვფიქრობთ, რომ გარკვეული სიახლეები გვექნება ამ მიმართულებითაც" - განაცხადა თემურ მღებრიშვილმა.
მისი თქმით, დღის განმავლობაში მდინარის კალაპოტში 2 მანქანა იპოვეს და ამ დროისთვის მათ ამოყვანას ცდილობენ. მღებრიშვილის ცნობით, ამ მანქანებში ადამიანები არ იმყოფებოდნენ.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ამ დროისთვის სტიქიის ზონაში ნაპოვნია 15 ადამიანის ცხედარი ხოლო 21 ადამიანს კვლავ ეძებენ.
3 აგვისტოს, კურორტ შოვში, მათ შორის სასტუმრო სანსეტ შოვთან მეწყერი ჩამოწვა.
ადიდებულმა მდინარემ წაიღო სამანქანო ხიდი. მოსახლეობის დასახმარებლად ადგილზე ჩაფრინდა სასაზღვრო პოლიციის 2 სამაშველო ვერტმფრენი, ჩართულია მძიმე ტექნიკა და თავდაცვის ძალების 220 სამხედრო მოსამსახურე.
ამ დროისთვის ოფიციალური მონაცემებით, მეწყერს 15 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ამოცნობილია ცხედრების ნაწილი.
ამ დრომდე კონტაქტზე ვერ გადიან 21 ადამიანთან.