სუს-ის ფაილების მიხედვით, ერთ-ერთი სასულიერო პირი, რომელიც ტყიბულისა და თერჯოლის ეპარქიაში მსახურობს, შეწყალების კომისიის სიების შედგენაში იყო ჩართული და ამისთვის ქრთამსაც იღებდა.
კიდევ ერთი შესაძლო დანაშაულის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს შემდეგი ინფორმაცია ჰქონდა:
"[სასულიერო პირს] პრეზიდენტის ადმინისტრაციაში და სასჯელაღსრულების დეპარტამენტში ჰყავს ნაცნობთა ფართო წრე, მათ შორის სოზარ სუბარი.
ნაცნობობას იყენებს პირადი ინტერესებისთვის.
ის 2 სხვა სასულიერო პირთან ერთად არაოფიციალურად ჩართულია შეწყალების კომისიის სიების შედგენაში, რისთვისაც იღებს ფულად გასამრჯელოს 5000 დოლარის ოდენობით". - ვკითხულობთ სუს-ის ერთ-ერთ ფაილში.
სუს-ის ჩანაწერებისვე მიხედვით, ერთ-ერთმა სასულიერო პირმა, რომელიც იმავე ფაილშია ნახსენები, თავის მხრივ, "შენგენის ვიზების მიღებაში დახმარება გაუწია რამდენიმე მოქალაქეს რისთვისაც თითო პიროვნებისგან მიიღო ფულადი თანხა 1800 ევროს ოდენობით".
***
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან ფაილებმა 13 სექტემბერს გაჟონა.
ფაილებიდან ირკვევა, რომ ქვეყანაში აყურადებენ და უსმენენ საპატრიარქოს წარმომადგენლებს, მღვდელმსახურებს, პატრიარქის მოსაყდრეს, მონაზვნებს და მათთან დაკავშირებულ პირებს. ჩანაწერების მიხედვით, უსმენდნენ საჯარო პირებს და ჟურნალისტებსა. ასევე, როგორც საელჩოების თანამშრომლებს, ისე უშუალოდ ელჩებს.
ჩანაწერები 2013-2021 წლებით თარიღდება.
ჩანაწერის ავთენტურობას ადასტურებენ ის ჟურნალისტები, პოლიტიკოსები და აქტივისტები, რომელთა გვარებიც ჩანაწერებში ფიგურირებს.
პროკურატურამ, სავარაუდოდ, სუს-ის მერ მომზადებულ ჩანაწერებთან დაკავშირებით გამოძიება კერძო კომუნიკაციის საიდუმლოების დარღვევის ფაქტზე დაიწყო.