ადვოკატ გიორგი მშვენიერაძის ცნობით, სახელმწიფო ინსპექტორის აპარატში გამოკვლეული ჩანაწერებიდან ჩანს, რომ მიხეილ სააკაშვილს პატიმრები ორგანიზებულად დახვდნენ. მან სხვა ადვოკატებთან ერთად ის ვიდეოჩანაწერები დაათვალიერა, რომელიც სააკაშვილის რუსთავის ციხიდან გლდანის მე-18 დაწესებულებაში გადაყვანას ასახავს.
"ჩანაწერებში არის რამდენიმე ახალი დეტალი, მათ შორის, როგორ ხდება მიხეილ სააკაშვილის პატიმრების მიერ ე.წ ორგანიზებული დახვედრა. ისმის ხმა: "ძმებო, მოვიდა", თუ "ძმებო, დავიწყოთ".
ერთი შეძახილის შემდეგ პატიმრებიდან იწყება ორგანიზებული, შეურაცხმყოფელი გინება მთელი ციხის მასშტაბით. კადრებით ჩანს, როგორ იწყება იძულებით გადაყვანა, მათ შორის ჭიდაობა, გაშიშვლება, თავზეწამოფარებული ზედით ლიფტში აყვანა და ა.შ", - ყვება გიორგი მშვენიერაძე.
ნოემბერში პენიტენციურმა სამსახურმა სააკაშვილის გლდანში გადაყვანის კადრების ანწილი გაასაჯაროვა.
ვიდეოჩანაწერით ირკვევა, რომ სასწრაფო დახმარების მანქანაში, მისი მოტყუების შემდეგ, მიხეილ სააკაშვილი უწყების თანამშრომლებს "პუტინის მონებს" და "ივანიშვილის ლეკვებს" უწოდებს და რუსთავის ციხეში დაბრუნებას ითხოვს. მისი გლდანის ციხეში მოთავსების შემდეგ იქ მყოფმა პატიმრებმა ერთობლივად, მისივე მიმართულებით გინება დაიწყეს, რაც დღეების განმავლობაში გრძელდებოდა.