logo
ENG



მშობელი: ჰელოუინის გამო მღვდლები სკოლასთან ბავშვებს დახვდნენ, უწოდებდნენ სატანებს

31 ოქტ 202316:30
3 წუთის საკითხავი
 
2023/10/31/vex0ymae1hd0cic.png

სკოლა გენიოსის მოსწავლის მშობელი Facebook-ზე წერს, რომ მართლმადიდებელ მშობელთა კავშირის წევრი სასულიერი პირები ჰელოუნის ღონისძიების აღნიშვნის გამო სკოლასთან ბავშვებს შეძახილებით დახვდნენ და მათ სატანებსა და დემონებს უწოდებდნენ.

მშობელი აღნიშნავს, რომ სკოლა საპატრიარქოს დაუკავშირდა, სადაც უთხრეს, რომ ეს სასულიერო პირები მათთან კავშირში არ არიან. ბავშვებზე ამ თავდასხმას წინ უძღოდა საპატრიარქოს განცხადება, რომელმაც ჰელოუინის ღონისძიება დაგმო და მიუღებელი უწოდა.

მშობლის თქმით, სასულიერო პირები სკოლის ადმინისტრაციას ემუქრებოდნენ და საქმეებს ურჩევდნენ.

"ესენი არიან მღვდლები და მათთან ერთად რამდენიმე მშობელი, რომლებმაც დღეს გაბედეს და კერძო სკოლის ტერიტორიასთან მოაწყვეს სრულიად ამაზრზენი, ყოველგვარ ზღვარს გადაჭარბებული წარმოდგენა სკოლაში დაგეგმილი ჰელოუინის დღესასწაულის გასაპროტესტებლად.

დავიწყოთ მუქარით, დიახ, არ გეჩვენებათ. ამ მღვდლებმა, მას მერე რაც გაიგეს სკოლაში დაგეგმილი კოსტიუმირებული ზეიმის შესახებ, რომელსაც თბილისში უამრავი სკოლა აწყობს სხვათა შორის და არა მარტო სკოლა გენიოსი, დაიწყეს რეკვა სკოლის დირექციასთან პირდაპირი მუქარებით, რაც მოიცავდა შემდეგ სიტყვებს : „ საპატრიარქო გაკვირდებათ ყურადღებით“, „ როგორც კი მაგ ღონისძიებას გამართავთ, ზომებს მივიღებთ“ და ა.შ. ერთ-ერთი ავტორი იყო მღვდელი, რომელიც არის ამ სკოლის მოსწავლის მშობელი, ხოლო დანარჩენები, მისი ამფსონები, რომლებიც გაუგონარი ტონით იმუქრებოდნენ , ძველბიჭურად საქმეებს არჩევდნენ, ხოლო მოთხოვნაზე დაესახელებინათ საკუთარი ვინაობა, რაღაცას გაუგებრად ბურტყუნებდნენ.

პარალელურ რეჟიმში ერთ ერთ ჩათში აქტიურობდა აღნიშნული მღვდლის ცოლი( რომელმაც, ამ მღვდლის სიტყვებს თუ მოვიშველიებთ - 'მე უნდა მომხედოს"- ჩემ მეუღლეს უთხრა ამ მღვდელმა, მაგას ჩემი ცოლი მიხედავსო) და კიდევ ორი მშობელი, რომლებიც დიდაქტიკური პოსტებით შემოვარდნენ, სატანისტური დღესასწაულის შესახებ გვაფრთხილებდნენ და მოკლედ რომ ვთქვათ, თავიანთი ჭკუით, ცდილობდნენ განვენათლებინეთ ჰელოუინთან დაკავშირებით.ადეკვატური ხალხი ვუხსნიდით, რომ მათ არავინ აძალებთ ღონისძიებაში მონაწილეობას, რომ ეს არის რელიგიისგან აბსოლუტურად დაცლილი დღესასწაული და ემსახურება არა სულების გამოძახებას და სატანის მოწვევას სკოლაში. , არამედ, უამრავ კონკურსს და თამაშს, ტკბილეულს, სიხარულს, ბედნიერებას. მაგრამ ისინი დაჟინებით მოოითხოვდნენ გაუქმებას.

გუშინ კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ ამ ხალხთან არანაირ საუბარს აზრი არ აქვს. ეს არის ძალიან, ძალიან ბნელი ხალხი, რომელთაც მათდა საუბედუროდ არც ქრისტეს სწავლებებთან აქვთ რამე საერთო, თორემ ეს მაინც რომ ესმოდეთ, ვინ იყო ქრისტე და რას ქადაგებდა, ასეთი აგრესიულები და უიმედოები არ იქნებოდნენ.

დილით, ხალხი, რომელსაც ფოტოზე ხედავთ, გამოცხადდნენ სკოლასთან. დახვდნენ ყველა ბავშვს. შეძახილებით არცხვენდნენ ბავშვებს, ხმამაღლა ადარებდნენ სატანებს, უწოდებდნენ დემონებს. ვწერ იმას, რაც ჩემი, საკუთარი ყურით მოვისმინე.

ერთ ერთი ბავშვი ( მეოთხე კლასელი) ინტერესით მიაჩერდა მღვდელს შესვლამდე და იმან ასეთი რამ უთხრა. ვციტირებ: "რა დებილივით მომშტერებიხარ". ცნობისთვის, მეოთხე კლასელ ბავშვზეა საუბარი.

ჩემს კითხვაზე, გააპროტესტეს თუ არა ოდესმე საოკუპაციო ხაზთან ოკუპაცია, ფემიციდი, ოჯახური ძალადობა, ასევე რა აზრის არიან იმაზე, როცა მათი კოლლეგა საქართველოს ტერიტორიაზე ქართული დროშის ფრიალს გვიკრძალავს - პროვოკატორი მიწოდეს, ისევე როგორც სხვა იქ შეკრებილ მშობლებს, რომლებიც ცდილობდნენ დაეცვათ თავიანთი შვილები ამ გაუგონარი აგრესიისგან და ეკამათებოდნენ მათ.

სამწუხაროდ, წესიერად ვერ ჩავწერე ეს ლაივი. არ მქონია გამოცდილება და რაღაც მონაკვეთის გადაღება მოვასწარი მხოლოდ.

სკოლამ დარეკა საპატრიარქოსთან, კერძოდ ესაუბრა ანდრია ჯაღმაიძეს, რომელმაც თქვა, რომ მათთან ამ ხალხს არანაირი კავშირი არ აქვს. ბუკლეტის მიხედვით, რომელიც "განსანათლებლად" დაგვიტოვეს, არიან მართლმადიდებელ მშობელთა კავშირი.

ამ წუთას მანქანებით დადიან სკოლის ქუჩაზე შევარდნაძის დროინდელი ოპერებივით და არ ვიცით, რას აპირებენ. ალბათ ბავშვების გამოსვლასაც უნდა დაესწრონ.

არ მჯერა, რომ დღეს, იმის ნაცვლად, რომ ჩემს საქმეებს ვაგვარებდე, მიწევს სკოლაში ყოფნა იმისათვის, რომ ვიღაც დაუბანელი, ტუტუცი მღვდლებისგან დავიცვა ჩემი შვილები.

იმის წარმოდგენაც აუტანელ სევდას მგვრის, რომ ამ უტიფარ, რეგვენ ხალხთან ვიღაც დადის და ამათ რჩევებს უსმენს და ამათ ჭკუაზე დადის.

მინდა ძალიან გარკვევით დავაფიქსირო ჩემი პოზიცია და აზრი იმასთან დაკავშირებით, რაც მომისმენია ასეთ შემთხვევებზე - რომ არ ღირს, რომ რაღაც დღესასწაულის გამო ამხელა ამბავი არ უნდა ატეხო, რომ უნდა უფრო წყნარად იყო და ა.შ. არავითარ შემთხვევაში. ეს არაა მხოლოდ დღესასწაულის გამო ატეხილი ამბავი. მართლა ვინმეს თუ გონია ორი კვახის გამო მოხდა ეს, ძაან შტერია და რაზე უნდა ველაპარაკო. ეს პრინციპის საკითხია. ეს არის ხალხი, რომელსაც ეს მცირედიც არ უნდა დაუთმო, თორემ თუ დაუთმობ, თვალის დახამხამებაში სხვა რამესაც მოგთხოვენ, მაგალითად მორჩილებას, მათი გემოვნებით ჩაცმას, ჭამას, მისვლა-მოსვლას, მათ ჭკუაზე სიარულს, არჩევნებზე მათთვის სასურველი კანდიდატის შემოხაზვას, მთელი დანაზოგის მათთან მიტანას და რა ვიცი კიდე რას. და არ მითხრათ, რომ ამას არ აკეთებენ", - წერს მშობელი.

ფორმულა მშობელს დამატებითი ინფორმაციის მიღების მიზნით დაუკავშირდა და კომენტარის გაკეთების სურვილის შემთხვევაში მას მოგვიანებით შემოგთავაზებთ.


close დახურვა