ქობულეთში მცირე ბიზნესის მფლობელთა აქციამ ჩოლოქის ხიდთან გადაინაცვლა. დემონსტრანტები თავდაპირველად ქობულეთში, აღმაშენებლის ქუჩაზე იყვნენ შეკრებილები.
შეკრებილებმა გზა გადაკეტეს.
ისინი ხელისუფლებას დახმარებას - სესხების 1 წლით უპროცენტოდ გადავადებას სთხოვენ.
მათი თქმით, ტურისტული სეზონის ჩავარდნის გამო ვალდებულებების გადახდა არ შეუძლიათ და ამის გამო შეძენილ ქონებას ყადაღა დაედება, რაც მათ შემდგომ წლებშიც შემოსავლის გარეშე დატოვებას უდრის.
"ბატონი რიჟვაძე ჩამოვიდეს და მოგვისმინოს, ის რიჟვაძე, რომელიც ამ ხალხმა აირჩია და დასვა თბილ სავარძელში. ჩამობრძანდეს, მოუსმინოს მოსახლეობას და გადაუწყვიტოს ის პრობლემა, რომლის წინაშეც ეს ხელისუფლება დგას". - თქვა აქციის მონაწილემ.
აქციაზე მივიდა ქობულეთის მერის მოადგილეც. მისი თქმით, პრობლემა 3 თვის მერე მოგვარდება, მოსახლეობას დაპირების არ სჯერა.
"მეუბნები, 3 თვის მერეო? როგორ არ ვინერვიულო, მილიონნახევრიანი ქონება მეკარგება 180 000 დოლარის გამო". - თქვა აქციის კიდევ ერთმა მონაწილემ.
დემონსტრანტების განცხადებით, ხელისუფლებას უნდა გაეთვალა ტურისტული სეზონის ჩავარდნის რისკები და უკეთ მომზადებულიყო.
"ყველა დონეზე მიდის მუშაობა და უახლოეს ხანებში იქნება მიღებული შესაბამისი გადაწყვეტილება". - განაცხადა ქობულეთის მერის მოადგილემ, ლევან ზოიძემ.
ეს ქობულეთის მცირე ბიზნესის მფლობელთა რიგით მე-8 აქციაა.