მცხეთაში დაშავებული სამოქალაქო აქტივისტები საავადმყოფოში გადაიყვანეს. მოძრაობა „გაბედეს“ ორი აქტივისტი ფიზიკური დაპირისპირების დროს დაშავდა და საჭირო გახდა მათი კლინიკაში გადაყვანა.
როგორც ექიმები აცხადებენ, ახალგაზრდებს ქალა-ტვინის დახურული ტრავმები აქვთ, ამ ეტაპზე მათ გამოკვლევები უტარდებათ.
„ორი მამაკაცი მოიყვანა 112-ის ბრიგადამ კლინიკაში ქალა-ტვინის დახურული ტრავმით, ამ ეტაპზე მდგომარეობა არის საშუალო სიმძიმის. აქვთ ტვინის შერყევა, სახეზე ექსკორიაციები, დანარჩენი დიაგნოსტირების შემდეგ გახდება ცნობილი“, - აცხადებს „ჯეო-ჰოსპიტალსის“ ექიმი.
მცხეთაში ჩასული ოპოზიციური პარტიების ლიდერები აცხადებენ, რომ „ქართული ოცნება“ ყოველდღიურად ამტკიცებს მათი ძალაუფლებიდან ჩამოშორების საჭიროებას. მათივე თქმით, აუცილებელია დაკავებულ იქნენ ინციდენტში დამნაშავე პირები.
„თუ ეს ხელისუფლება არ ჩავაბარეთ მოუსავლეთს, ის გაიმეორებს 90-იან წლებს, დააპირისპირებს ახალგაზრდებს ერთმანეთთან და წამოაგორებს სამოქალაქო ომს. ტიპური ნიმუში ამ ფეოდალის მხედრიონის უფროსი ხუნდაძე, ასეთია მაკრახიძე გორში, ასეთია ოქრიაშვილი დმანისში, ასეთი ბანდა მოსაცილებელია და მერე იქნება ხსნა, მერე იქნება გზა განვითარებისა“, - აცხადებს შალვა ნათელაშვილი.
შეგახსენებთ, რომ მოძრაობა „გაბედეს“ აქტივისტები მცხეთაში დეპუტატ დიმიტრი ხუნდაძესთან შეხვედრას გეგმავდნენ, თუმცა იქ ჩასულებს ფიზიკურად გაუსწორდნენ.