logo
ENG



მცხეთაში კიდევ ერთი უბნის მაჟორიტარული კენჭისყრის შედეგები გაუქმდა

04 ნოე 202017:07
3 წუთის საკითხავი
 
w9sdetfyjlpyi1d.jpg

ცენტრალური საარჩევნო კომისიის განცხადებით, მცხეთის საოლქო საარჩევნო კომისიამ უბნის N11.27.26 მაჟორიტარული კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმი ბათილად ცნო. ეს მეორე უბანია, რომლის შედეგებიც ამ ოლქში გაუქმდა. 

ცესკო ამბობს, რომ შესაბამისი განკარგულება მცხეთის საოლქო კომისიამ 3 ნოემბერს მიიღო, გადაწყვეტილების მიღებამდე კი კომისიამ დეტალურად შეისწავლა საკითხი, მიიღო ახსნა-განმარტება საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარისა და მდივნისგან. 

"მათ განმარტეს ოქმში დაშვებული შეცდომების მიზეზები, თუმცა, ამის მიუხედავად, საოლქო საარჩევნო კომისიამ მიიჩნია, რომ ოქმის შევსებისას დაშვებული შეცდომები იმდენად მნიშვნელოვანი იყო, რომ შემაჯამებელი ოქმი უნდა გაბათილებულიყო. შესაბამისად, შემაჯამებელი ოქმის ბათილად ცნობასთან ერთად, საოლქო საარჩევნო კომისიამ ამავე კომისიის თავმჯდომარის და მდივნის მიმართ გამოიყენა დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომები". - აცხადებს ცენტრალური საარჩევნო კომისია. 

მცხეთის ოლქში ასევე გაუქმდა ქსნის პენიტენციური დაწესებულების კენჭისყრის შედეგებიც. ცესკოს თავმჯდომარემ, თამარ ჟვანიამ 3 ნოემბერს პირველი არხის ეთერში თქვა, რომ აქედან გამომდინარე, წინასწარი მონაცემებით მცხეთის საარჩევნო ოლქში შესაძლოა მეორე ტური ჩატარდეს. 

"ქსნის ციხეში შედეგების მაჟორიტარული ნაწილი გაუქმდა, რაც ფაქტობრივად იწვევს წინასწარი მონაცემებით ისეთ სურათს, რომ შესაძლებელია, მეორე ტური ასევე გაიმართოს მცხეთის იმ კონკრეტულ მაჟორიტარულ ოლქში, რომელსაც მცხეთის საარჩევნო ადმინისტრაცია კურირებს. წინასწარი მონაცემებით ასე იკვეთება". - თქვა ჟვანიამ. 

მცხეთის, დუშეთის, თიანეთისა და ყაზბეგის მუნიციპალიტეტებში ქართული ოცნების კანდიდატმა შალვა კერესელიძემ, წინასწარი შედეგებით, ხმების 50,1% მიიღო, ხოლო ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშიას კანდიდატმა ცეზარ ჩოჩელმა ხმების 33,4% მოაგროვა. 

ამ დროისთვის ოპოზიციური სპექტრი არჩევნების შედეგებს უნდობლობას უცხადებს და პარლამენტში შესვლაზე უარს ამბობს. ისინი არჩევნებს გაყალბებულად მიიჩნევენ. დარღვევებზე, განსაკუთრებით ოქმებში არსებულ დისბალანსზე, რომელიც არჩევნების შედეგებზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს, ლაპარაკობენ არასამთავრობო ორგანიზაციებიც. 


close დახურვა