logo
ENG



მწერლები და ლიტერატორები: მნიშვნელოვანია, პრეზიდენტმა შეიწყალოს ნიკა გვარამია

14 მარ 202312:24
3 წუთის საკითხავი
 

მთავარი არხის დაფუძნებლის, ნიკა გვარამიას თავისუფლების მოძრაობის წევრები მწერლებთან და ლიტერატორებთან ერთად საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს მიმართავენ და გვარამიას შეწყალებას ითხოვენ.

"ჩვენ ჩვენი კოლეგების სახელით ვუერთდებით ნიკა გვარამიას გათავისუფლების მოძრაობას. ვფიქრობთ, რომ ეს არის უმნიშვნელოვანესი რამ, 12 რეკომენდაციის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რეკომენდაცია მეშვიდე პუნქტი გულისხმობს სწორედ მედიის თავისუფლებას, მედიის დაცულობას და იმ პირობებში, როდესაც ნიკა გვარამიას, თითქმის ერთი წელის სრულდება, რაც ნიკა გვარამია პატიმრობაშია და ჩვენ გვაქვს აღქმა, რომ ნიკა გვარამიას დაკავება იყო სწორედ ერთ-ერთი აქტი იმისა, რომ საბოტაჟი მოეწყო ამ ხელისუფლებას ევროკავშირისათვის და ჩვენ არ მიგვეღო კანდიდატის სტატუსი.

ახლა, აპრილის ბოლოს, იქნება შუალედური შეფასება, დასკვნა, რამდენად საქართველომ აღასრულა რეკომენდაციები ევროკავშირისთვის და ნიკა გვარამიას ფაქტორი სწორედ ეს მეშვიდე პუნქტია, ამ 12 რეკომენდაციიდან არის პირდაპირ დაკავშირებული მედიასთან, ნიკა გვარამიასთან და ჩვენ ვთხოვთ საქართველოს პრეზიდენტს, მან აღასრულოს სწორედ ევროპული და სამართლიანი პასუხისმგებლობით აღსავსე აქტი და გამოსცეს შეწყალების აქტი ნიკა გვარამიასთან მიმართებით. სიტყვებს უნდა მოყვებოდეს საქმეც, ჩვენ სიტყვის ხალხი ვართ, მაგრამ ეს სიტყვა გულისხმობს ქმედებას, საგნობრივ ქმედებას. ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ რეალური, ასე ვთქვათ, ნაბიჯი გადადგას, შეიწყალოს ნიკა გვარამია", - განაცხადა გია ბუღაძემ.

ნიკა გვარამიას გათავისუფლებისთვის მოძრაობა 16 თებერვალს დაფუძნდა

თბილისის საქალაქო სასამართლომ მთავარი არხის გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია დამნაშავედ 2022 წლის 16 მაისს ცნო. მას 3 წლითა და 6 თვის თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. გადაწყვეტილება ძალაში დატოვა სააპელაციო სასამართლომაც.

პროკურატურა მთავარი არხის დამფუძნებელს ნიკა გვარამიას ჯერ კიდევ რუსთავი 2-ის დირექტორობის დროს, ტელეკომპანიის კუთვნილი ქონების დიდი ოდენობით გაფლანგვას, კომერციულ მოსყიდვას, ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადებასა და გამოყენებას, ასევე უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას ედავებოდა.

პირველი ინსტანციის სასამართლომ ნიკა გვარამია ნაწილობერივ სცნო დამნაშავედ, კერძოდ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში, პორშეს ეპიზოდში და სასჯელის სახით განესაზღვრა 3 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. თითქმის 7 მილიონი ლარის ზიანის მიყენების საქმეზე კი სასამართლომ მუხლი გადაკვალიფიცირდა. გაფლანგვის ნაცვლად გვარამია და კახაბერ დამენია უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში ცნეს დამნაშავედ. დამენიას 50 ათასი ლარის ოდენობის ჯარიმა დაეკისრა.

გარდა ამისა, საქალაქო სასამართლომ ზურაბ იაშვილი და ნიკა გვარამია კომერციულ მოსყიდვისა და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადების საქმეზე უდანაშაულოდ ცნეს.

პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში გასაჩივრდა. ავტომობილის ეპიზოდის გარდა სააპელაციომ გვარამია დამნაშავედ ცნო სარეკლამო შემოსავლების ეპიზოდზეც და თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. თუმცა, სასჯელის შთანთქმის პრინციპის გათვალისწინებით, თანაბარი სასჯელებიდან ერთმა შთანთქა მეორე და თავისუფლების აღკვეთა 3 წლისა და 6 თვის ვადით მიესაჯა.

ნიკა გვარამიას მიმართ 2022 წლის 16 მაისს გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენი, დანაშაულის შემადგენლობის და სასჯელის ზომის განსაზღვრის თვალსაზრისით, მნიშვნელოვან დარღვევებს შეიცავს, რაც დეტალურადაა აღწერილი საქართველოს სახალხო დამცველის, საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს და საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მიერ მომზადებული შეფასებებში.


close დახურვა